ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლისა და უსაფრთხოების საკითხებში, პროფესორი ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თურქეთის ამბოხზე საუბრობს. მაისაიას თქმით, ერთი ვერსიის თანახმად, ერდოღანი მოსალოდნელი ამბოხის შესახებ პირველი არმიის მეთაურმა გააფრთხილა, მეორე ვერსიით კი - რუსეთმა. მისივე თქმით, ერდოღანის თვითმფრინავს სწორედ რუსეთმა გაუხსნა საჰაერო სივრცე და დაიცვა ის თურქი ამბოხებული ჯარისკაცებისგან.
„პუტჩის კულმინაციური მომენტი დადგა დაახლოებით ღამის 2 საათზე, როცა გაირკვა, რომ სამხედროების უმეტესობამ გადატრიალებას მხარი არ დაუჭირა! პუტჩის ორგანიზატორი გახლდათ სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, რომელსაც პირველი, მეორე და მესამე არმიის სარდლებმა უგანეს. გადამწყვეტი სიტყვა პუტჩის ჩახშობაში თურქეთის პირველი არმიის სარდალმა თქვა, რომელიც სტამბოლსა და თურქეთის ევროპულ ნაწილს აკონტროლებს. სწორედ პირველი არმიის გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს პუჩტისტების ორი ვერტმფრენი და აიძულეს აჯანყებულთა თვითმფრინავები, შეეწყვიტათ ფრენა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ პირველი არმიის მეთაურმა გააფრთხილა ერდოღანი, რომ სამხედროები მასზე თავდასხმას აპირებდნენ. გაჩნდა მეორე ვერსიაც, რომელიც ძალიან ჰგავს სიმართლეს - ერდოღანი რუსებმა გააფრთხილეს!
როგორც ჩანს, რუსებმა სირიაში არსებული თავიანთი რადიოსალოკაციო სადგურების მეშვეობით მოახერხეს მეამბოხე თურქი ჯარისკაცების შიდა საუბრების გაშიფვრა და ერდოღანს მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს! მარმარისში მყოფი ერდოღანი სასწრაფოდ გაფრინდა და გაუჩინარდა...
აჯანყებულების გეგმა ასეთი იყო - მარმარისის სასტუმროში, სადაც ერდოღანი იმყოფებოდა, სწრაფად უნდა მოეხდინათ პრეზიდენტის ფიზიკური ლიკვიდაცია, რაც ვერ მოხერხდა და ერდოღანმა ნახევარი საათით ადრე დატოვა ტერიტორია. ამის შემდეგ, მთელი ორი საათის განმავლობაში, ერდოღანის თვითმფრინავი გაუჩინარებული იყო. ერდოღანს თავის გადარჩენის ერთადერთი შანსი ჰქონდა - ის აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო რომელიმე მეზობელი სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში! აშკარაა და ამაში დარწმუნებული ვარ, ერდოღანს სწორედ რუსებმა გაუხსნეს გზა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისი თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოძრაობდა, რამაც ის აჯანყებული თურქი მფრინავებისგან დაიცვა!" - აცხადებს ვახტანგ მაისაია.