logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: საკვირველია, როგორ აპირებს სააკაშვილი დაბრუნებას, როდესაც მას ბადრაგი და ციხე ელოდება?!
- +

29 სექტემბერი. 2021. 15:41

 

„საკვირველია, როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, როდესაც მას ბადრაგი და ციხე ელოდება?!“ – ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

შატბერაშვილი საქართველოში დაბრუნების შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

 

„არაფერია უჩვეულო იმაში, რომ ყოველი არჩევნების წინ ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც მისი მომხრეები სიყვარულით „მესამე პრეზიდენტს“ უწოდებენ, აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვდივარ, ვბრუნდებიო. ხან გვირაბს თხრის, ხან ზღვის გადაცურვას, ხან შემოფრენას აპირებს. ხან რას აცხადებს და ხან რას. ახლა განსხვავებული ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც მან თავისი ბილეთი გამოაქვეყნა. თუმცა, „ოცნების“ მხარდამჭერები ამაზე აცხადებენ, ეს ბილეთი არ იძებნებაო. მაგრამ სააკაშვილისგან არაფერია გასაკვირი.

 

ჩვენს პარტიას ამასთან დაკავშირებით თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას დიდი ეჭვის ქვეშ ვაყენებთ, ვიცით რა მისი გამბედაობის, ვაჟკაცობის ამბავი. მიხეილ სააკაშვილს კარგად ვიცნობთ, მასთან ერთად თბილისის მეორე მოწვევის საკრებულოში ვმუშაობდით. მინდა, მოგახსენოთ, რომ სააკაშვილი იმდენად მხდალია, რომ საკრებულოში პოლემიკას ვერ უძლებდა და სხდომიდან გარბოდა. ასევე მინდა, გაგახსენოთ, პარლამენტში ერთ-ერთი დებატების დროს პრეზიდენტის რანგში როგორ გაიქცა. საერთოდ, მას გაქცევა ახასიათებს, არა მარტო პოლემიკის დროს, არამედ, როგორც მთავარსარდალმა, გორის ტრასაზე მოკურცხლა და გაიქცა. ახლა ძალიან საკვირველია, როგორ აპირებს სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, თუნდაც, დედის თანხლებით, როდესაც ბადრაგი და ციხე ელოდება?!“ – განაცხადა შატბერაშვილმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე სცენარი არსებობს.

 

„ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე სცენარს, თუ რა შეიძლება, მოხდეს. პირველი – ის, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა. მეორე – შეიძლება ჩამოვიდეს, შემოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. თუ მისი თანაგუნდელები  – ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა ციხეში ისხდნენ, ახალაია დღესაც ციხეშია, ვითომ სააკაშვილი რომელი წითელი კოჭი გვყავს, რომ ციხეში არ დაჯდეს? დაჯდეს, მოიხადოს სასჯელი. სხვათა შორის, მას ციხეში არავინ გააუპატიურებს, არავინ სცემს, არც ულუფას დააკლებენ.

 

პოლიტსაბჭოს სხდომების დროს კიდევ ერთ სცენარს განვიხილავთ: რა შეიძლება, მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, თუ სააკაშვილი მართლა ჩამოვიდა. ამის შესახებ პრემიერმა ღიად განაცხადა: გამოიყვანენ ისინი სააკაშვილის დასახვედრად 5 000 ადამიანს, ჩვენ გამოვიყვანთ 100 000 ადამიანსო. ანუ საარჩევნო მარათონი, რომელიც მომაბეზრებლად, არასაინტერესოდ, მინორულად მიდიოდა, სააკაშვილმა მიაღწია თავსი საწადელს და მაჟორულ ტონში გადაიყვანა. მთელი საქართველო ლაპარაკობს იმაზე, ჩამოვა თუ არა ის საქართველოში.

 

კიდევ ერთ ვერსიას განვიხილავთ: მისი ჩამოსვლა დასავლეთში საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ წრეებთანაა შეთანხმებული. თუ ეს ასეა, მაშინ „ვარდების რევოლუცია 2“ მეორდება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს განმეორდეს, რადგან უსისხლოდ არ ჩაივლის”, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner