„მიხეილ სააკაშვილის განზრახვა - საქართველოში არჩევნების დღეს დაბრუნდეს, საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა.
„საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. საქართველოსა და მის ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ წაადგება“, - ნათქვამია განცხადებში.
ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის განზრახვა საქართველოში არჩევნების დღეს დაბრუნდეს საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს და არასაჭირო დაძაბულობას შექმნის.
„ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში აუცილებლად შეიქმნება. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც. ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ქართველი ხალხის ერთგულნი ვრჩებით, რომელიც პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებსა და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას იმსახურებს“, - ნათქვამია ევროპარლამენტარის განცხადებაში.