logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე გახარიაზე: კეზერაშვილის ტელევიზიაში იჯდა თუ იდგა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩემი ნდობა ვერ გაამართლაო
- +

29 სექტემბერი. 2021. 23:39

 

„გიორგი გახარია აბსოლუტურად აჭრილია ბოლო დროს, ამასწინათ კეზერაშვილის ტელევიზიაში იჯდა თუ იდგა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩემი ნდობა დაკარგაო. ზუსტად ამ წრიდან არის ეს გამონათქვამიც, რაც უკავშირდება ოცნების და სააკაშვილის ერთმანეთთან რაღაც ინტერესებით დაკავშირებას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა გახარია, როგორც პოლიტიკოსი, ის პრემიერ-მინისტრი სწორედ ბიძინა ივანიშვილის ნდობის საფუძველზე გახდა.

 

„კაცი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა მისი ნდობა. გიორგი გახარიამ დააყენა ფეხზე ბიძინა ივანიშვილი, როგორც პიროვნება, ასწავლა ქველმოქმედება, ასწავლა პოლიტიკა, როგორ ჩამოეშორებინა რეჟიმი ძალაუფლებას და ბოლოს არ გაუმართლა. აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი ამბავია. პირიქით უნდა იყოს ხომ ეს ყველაფერი? ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ის, როგორც პოლიტიკოსი, ის პრემიერ-მინისტრი სწორედ ბიძინა ივანიშვილის ნდობის საფუძველზე გახდა, როცა ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე და რა გააკეთა ამის შემდეგ, როგორც კი გავიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ერთ თვეში, პირველი რაც გააკეთა უღალატა გუნდს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უღალატა ქვეყანას. როცა ასეთ დროს საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას ნდობა არ გაუმართლა, ეს აჩვენებს მისი ყოველი ნაბიჯის მთელ პარადოქსს.

 

რომ საუბრობს სააკაშვილზე და „ოცნებაზე“, აქაც თავისი პრობლემა აწუხებს, ნაცმოძრაობისთვის გადადგა თანამდებობიდან და ახლა ლაპარაკობს იმაზე, რომ „ოცნებას“ თურმე საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა აინტერესებს. თუ რამეში შეიძლება ეს გვაინტერესებდეს, არის ის, რომ კანონი და სამართალი უნდა აღსრულდეს და სააკაშვილს მიეჩინება ადგილი იქ, სადაც უნდა მიეჩინოს. გიორგი გახარია პრემიერი აღარ არის, შესაბამისად არც დაკავების კუთხით გვექნება პრობლემები, მადლობა ღმერთს, ქვეყანას დღეს ჰყავს ის პრემიერ მინისტრი, რომელმაც იცის კანონის ფასი და რომელიც კანონის აღსრულებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner