„სამწუხაროდ ბევრი რეკრეაციული ადგილია გასხვისებული წინა ხელისუფლების დროს და დღეს ჩვენ გვიწევს მათი გამოსყიდვა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ იმედის გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, რომ იპოდრომის ტერიტორია გადმოგვცა და ამას დაემატა ის, რომ მერია ერთ თეთრს არ დახარჯავს ამ პროექტის განხორციელებაზე. თვითონ ფონდი არის პასუხისმგებელი, რომ უკვე გაკეთებულს, გალამაზებულსა და კეთილმოწყობილს ჩაგვაბარებს. ამ წუთში მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა საზოგადოების მხრიდან იყო მოთხოვნები, რომ ყოფილიყო მეტი მდელო და გარკვეული ცვლილებები შედის პროექტში და ძალიან მალე, საზოგადოებას წარვუდგენთ ამ განახლებულ პროექტს. და გავაგრძელებთ სამუშაოებს. ძალიან მაგარია, ამხელა ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრალური პარკი გვექნება, რომელიც იქნება ყველანაირად კეთილმოწყობილი. დიდებს, პატარებს, მოხუცებს, ყველას ექნება შესაძლებლობა გაერთოს, დაისვენოს, ივარჯიშოს. მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით მოვახერხეთ და საპარკე კულტურა შემოვიტანეთ დედაქალაქში. ნახეთ რა ხდება რეაბილიტირებულ პარკებში, რეაბილიტირებულ სკვერებში, ნახეთ რა ხდება მზიურში, დედაენისა და 9 მარტის ბაღებში, კიკვიძის პარკში. მიმდინარეობს ვაკის პარკის რეაბილიტაციაც. გლდანი მე-6 მიკროში გავაკეთეთ ულამაზესი სივრცე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს სივრცეები ავითვისოთ და შევქმნათ მწვანე ტერიტორიები. სამწუხაროდ ბევრი რეკრიაციულია ადგილია გასხვისებული წინა ხელისუფლების დრო და დღეს გვიწევს ამ ყველაფრის გამოსყიდვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.