„ვუფრთხილდები დედას, მამას, ჩემს მეუღლეს, ბავშვებს და მაქსიმალურად ვცდილობ და ვთხოვ, რომ ტელევიზორს არ უყურონ. იმედია მალე დამთავრდება ეს არჩევნები, რადგან ძალიან გულდასაწყვეტია, ყველანაირი ზღვარი გადალახეს, ყველანაირ სიბინძურეზე წავიდნენ, თუკი რამე შეიძლებოდა ადამიანს მოეფიქრებინა, მაგრამ არა უშავს საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას და ყველაფერს გასცემს პასუხს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული ტელევიზიები ებრძვიან ჩვენ სარწმუნოებას, ეკლესიას, ტრადიციებს, კულტურასა და წარსულს.
„ესენი არიან ადამიანები, კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ყველაზე ძვირფასს ჩვენს სარწმუნოებას, ეკლესიას, ტრადიციებს, კულტურას და წარსულს ებრძვიან. მაგრამ ჩვენ ვართ ის ადამიანები და გვაქვს ვალდებულება, რომ ეს ყველაფერი დავიცვათ. დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ეკლესია, წარსული, კულტურა, ტრადიცია და ჩვენი მომავალი, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამას „ქართული ოცნება“ და კახა კალაძე ყოველთვის გააკეთებს სადაც არ უნდა იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.