logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიხილეთ მორიგი კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს...
- +

30 სექტემბერი. 2021. 11:59

 

 

„გუშინ ვიხილეთ მორიგი კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს არის ტყუილი და გუშინვე დადასტურდა, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ არავითარი მსგავსი რამ არ იგეგმება.

 

„ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის, მავნებლობის. ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები პროგრესი და ჩვენი ხელისუფლების მიღწევა არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით, წინა მთავრობის დროს ეს წარმოუდგენელი იყო და ალბათ, ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ჩვენ ამას მივაღწიეთ და გუშინ ვიხილეთ მორიგი კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, ეს არის მართლაც ჩვენი ოპოზიციის ხელწერა და მათი სახე. ეს არის ტყუილი, გუშინვე დადასტურდა, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ არავითარი მსგავსი არ იგეგმება და არც მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ „ევროობზერვერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მოთხოვნით, ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 13 ოქტომბერს განიხილავს. გამოცემა მიზეზად ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რაოდენობას ასახელებდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ თემაზე ბრიფინგები გამართეს.

 

მოგვიანებით, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყალბი უწოდა ინფორმაციას, თითქოს გერმანია ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner