თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში NDI-ისა და IRI-ს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. შეხვედრები დაგეგმილია პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოსთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. IRI-ს ევრაზიის რეგიონულ დირექტორს სტივენ ნიქსს იმედი აქვს, რომ იქნება მშვიდობიანი პროცესი, როგორც არჩევნების დღეს, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდში.
„გვსურს, საქართველოში ჩატარდეს კარგად ადმინისტრირებული არჩევნები. ეს არ არის მხოლოდ IRI-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა. ეს არის უშუალოდ ქართველი ხალხის მოლოდინი. IRI-ს საქართველოში ჰყავს გრძელვადიანი მისია - ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გამართავს შეხვედრებს, მოამზადებენ დასკვნებს. საბოლოო დასკვნას ისინი რამდენიმე კვირაში წარმოადგენენ. რაც შეეხება ჩვენს რეკომენდაციებს, ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი. მოვუწოდეთ მათ არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებისკენ. მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისკენ, რათა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში“, - განაცხადა ნიქსსმა.