logo_geo
eng_logo
პროკურორი: დადგენილია, რომ 2008 წელს დავით კეზერაშვილის დავალებით, ოფშორულ კომპანიაში, გაფლანგვის მიზნით, ხუთ მილიონ ევროზე მეტი გადაირიცხა
- +

30 სექტემბერი. 2021. 18:49

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში კომენტარი გაკეთდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

როგორც პროკურორმა ბექა კვიციანმა განაცხადა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ ცნო სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის გაფლანგვის ფაქტზე.

 

„დადგინდა, რომ 2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მისი მეგობრის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ, თანხის გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და შემოწმების გარეშე გამოსცა ბრძანება აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. მანვე დაავალა სიტყვიერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ხსენებულ კომპანიასთან უპირობოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე იმავე დღეს ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნულის შემდეგ ამ დავალების შესრულება განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების უხეში დარღვევით. კერძოდ, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შემოთავაზებული საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად, საბანკო გარანტიისა და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნის გარეშე, ასევე სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების შესახებ.

 

აღნიშნულის შემდეგ ყოფილი მინისტრის დავალებით, ხუთი მილიონ სამოცი ათასი ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიას სანაცვლოდ ვალდებულება საერთოდ არ განუხორციელებია. შესაბამისად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცნობილი იქნა დამნაშავედ“,- აღნიშნა პროკურორმა.

 

მისივე თქმით, მომსახურების ჩატარებასთან დაკავშირებით ზოგადად დგება დოკუმენტაცია, რამდენად ჩატარდა შესაბამის მომსახურეობა, ამ შემთხვევაში საბრძოლო წვრთნები. კვიციანი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მსგავსი სამხედრო წვრთნები ჩატარებულია.

 

„გარდა ამისა, საქმეში არსებობს უამრავი მოწმის გამოკითხვის ოქმი, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარებით მიღებული დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მსგავსი მომსახურება კომპანიას არ განუხორციელებია.

 

განგიმარტავთ, როდესაც მიიღო პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება, არ დაეთანხმა მას პროკურატურა. ასევე არ დაეთანხმა აპელაციის გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, გასაჩივრდა საკასაციო წესით ის არგუმენტები, რომელიც ჰქონდათ მოყვანილი თავიანთ განაჩენებში პირველ და მეორე ინსტანციას. ჩვენთვის ის არ იყო მისაღები, გავასაჩივრეთ და უზენაესმა სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც მიიღო უკვე მოგახსენეთ“,- განაცხადა პროკურორმა ბექა კვიციანმა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სამინისტროს სარჩელი შეაქვს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner