„მინდა ვაღიარო, რომ გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული გაორმაგებული და პასუხისმგებლობა ახლავს. გურულები გამორჩეული ხალხი ხართ - ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე შეკრებილ მოსახლეობას.
კვირიკაშვილის თქმით, გურულებმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილსა და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეეძლო ქვეყნაში არსებული ვითარების გარდატეხა.
„როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ. რატომ ,,ქართულ ოცნებას"? - იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ქვეყანა ახალი, სწორი გზით წაგვეყვანა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის ფასი, კი გურულებზე კარგად არავინ იცის. მშვიდობის მერე თავისუფლება და ჯანმრთელობაა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი. ამ ოთხ წელიწადში ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ: ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია არც ერთი სოფელი უშუქოდ, არ დაგვიტოვებია მაღალმთიანი სოფლები, სადაც არ დავნიშნეთ ტრანსპორტი ბავშვების სკოლაში სატარებლად, არც ერთი მოსწავლე არ დაგვიტოვებია სახელმძღვანელოს გარეშე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
აქვე პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმარა გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს.
„ჩვენ თანამიმდევრულად და მტკიცედ მივდივართ წინ. ყველაზე მთავარი კი ის არის, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.