„ძალიან კარგია, რომ მალევე გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ განცხადება და ამით დახურა სივრცე, რომ სპეკულაციები აღარ გაგრძელებულიყო - გამორიცხულია მედიის მიმართ შეტევაზე საუბარი“ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც კუჭავა განმარტავს, სპეკულაცია იყო შეფასებები, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელის და დამფინანსებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელს თავისუფალ მედიასთან კავშირი აქვს.
„ ძალიან კარგია, რომ განცხადება მალევე გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ და ამით დახურა სივრცე, რომ სპეკულაციები აღარ გაგრძელებულიყო, თითქოს, რამე კავშირი აქვს ამას თავისუფალ მედიასთან. ასევე იყო განცხადება, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ დეზინფორმაციაა რომელიმე ტელევიზიასთან იყო კავშირში“, - აღნიშნავს კუჭავა.
მისივე თქმით, მედიაზე შტურმის საფუძველი არ არსებობს და გამორიცხულია მედიის მიმართ რამე შეტევაზე იყოს საუბარი.
„ვერავინ იტყვის, რომ დღეს არ აქვს უფლება თავისუფლად ისაუბროს, აზრი გამოთქვას, ან კრიტიკა. სამწუხაროდ, პირდაპირ ეთერში ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ პოლიტიკოსებს კრიტიკას ცდება. ეს არის შეურაცხყოფა, დამცირება და ყველაფერი, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ამ რიტორიკას, რომელსაც ვისმენთ. განსაკუთრებით, როდესაც შენზე მოდის შეურაცხყოფა რთულია კრიტიკის გარეშე დატოვო. ამას სახელი ერქმევა, რომ მედიაზე არის კრიტიკული გამონათქვამები. თავდასხვა, ვინმეს გაჩერებას და აკრძალვას ადგილი არ აქვს.
ექვსი არჩევნები ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“. ყოველი არჩევნების წინ, ან შემდეგ ყოველთვის იყო მსგავსი საუბრები. რამე მსგავსი იყო განხორციელებული? რა თქმა უნდა, არც იყო და არც იქნება. გამორიცხულია მედიის მიმართ რამე შეტევაზე იყოს საუბარი“, - აღნიშნავს კუჭავა.