„ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი გამონაკლისი, არც ერთი ადამიანი არ დგას კანონზე ზემოთ. ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო, ყველა უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე ამიტომ, ის, რაც შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის ჩამოსვლას საქართველოში, იქნება სამართლებრივი პასუხი პროცესზე, რომელიც დაწყებული იყო წლების წინ. რა თქმა უნდა, დააკავებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, სამართალდამცავმა ორგანოებმა არ იმოქმედონ კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრა.
მისივე თქმით, შიდა დაპირისპირებაზე საუბარიც კი არ შეიძლება, რადგან ქვეყანას ერთიანობა სჭირდება.
„„ქართულ ოცნებას“ არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენი მხარდაჭერა იმდენად მაღალია, ჩვენ როდესაც გაგვიკეთებია კოვიდამდე აქცია 100 000-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, სადაც პირველ რიგში ჩანდა ის მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია მმართველ გუნდს. არ შეიძლება და ვერანაირად ვერ იქნება საუბარი და პირველ რიგში ქართველი ხალხი არ მიიღებს შიდა დაპირისპირებაზე საუბარს. პირიქით, ახლა არის დრო, როდესაც გვჭირდება ერთობა. ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და მთავარი მიზანი, რაც აქვს ამ ქვეყანას მისაყვანი არის ბოლომდე. ჩვენი ტერიტორიების გაერთიანება და რაც მთავარია, ამის შემდეგ ვიზრუნოთ, რომ გავხდეთ სრულფასოვანი წევრები ევროკავშირის, რა თქმა უნდა, ნატოს წევრობაც და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და კიდევ უფრო ჩქარ განვითარებაზე“, - განაცხადა კუჭავამ.