„როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, ეს ქალბატონები და ბატონები თვეების განმავლობაში ამბობდნენ, ეს არ არის ჩვენი პრეზიდენტი, ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და სალომე ზურაბიშვილი უკანონოდ იკავებს პრეზიდენტის პოსტსო. ეს ხომ გახსოვთ? მერე, რამდენიმე თვეში, იგივე ხალხი, ოპოზიციის წარმომადგენლები ქალბატონ ზურაბიშვილს წერილებს რომ უგზავნიდნენ, შეგვიწყალე და ჩვენი თანაგუნდელებიც შეიწყალეო, ესეც გახსოვთ, ხომ? ანუ, რამდენიმე თვეში მოუწიათ აღიარება და მიაკითხეს ისევ იმ პრეზიდენტს, რომელსაც აკრიტიკებდნენ და მთელი კამპანიის განმავლობაში თავს ძალიან უსამართლოდ ესხმოდნენ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპკერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.
მან უპასუხა შეკითხვას - ელოდება თუ არა მოვლენების იმგვარად განვითარებას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, შესაძლოა, ის პრეზიდენტმა შეიწყალოს, როგორც ეს ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, თუ პოლიტიკაში ფარისევლობა არსებობს, ეს არის ფარისევლობის კლასიკური მაგალითი.
„ამის მერე ამბობდნენ, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიული ლიდერიაო, თავიანთი საინფორმაციო დეზინფორმაციული წყაროებით, რომლებსაც პირდაპირ აკონტროლებენ. ახლა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით განცხადება რომ გააკეთა, ერთი ჟივილ-ხივილი ჰქონდათ და ამ მესიჯს ავითარებენ, რომ იქნებ, შეიწყალოს. რაღაცას ცდილობენ, რომ აქედან ერთი ნარატივი ააწყონ, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, რომ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის პარტიული პოლიტიკის მიღმა დგას. საქართველოს როდესმე კოალიციური მთავრობა თუ ეყოლება, ეს არის არჩევნებით ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტი. არც ერთ ცალკე აღებულ თანამდებობის პირს არ შეუძლია, დააანონსოს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.