logo_geo
eng_logo
„დინამო“ ზაგრები Vs „დინამო“ თბილისი - ყოველი შანსი გამოსაყენებელია
- +

26 ივლისი. 2016. 21:29


 

ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 წლების გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს" მეტოქედ ზაგრების „დინამო" ერგო. კლუბებს შორის პირველი დაპირისპირება დღეს, 26 ივლისს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს. მატჩს შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 37 წლის ბობი მადენი იქნება.

ფავორიტებად, რა თქმა უნდა, ხორვატები მიიჩნევიან, თუმცა ორივე გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თბილისელებს აუცილებლად ექნებათ მომენტები, წარმატების მისაღწევად კი, მათი გამოყენება აუცილებელი იქნება.

ქართული ფეხბურთის ფლაგმანს წილისყრისას საკმაოდ რთული მეტოქე შეხვდა, თუმცა წყვილში გამარჯვებული ნამდვილად ღირებულ ჯილდოს მოიპოვებს - ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს გარანტირებულად და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლებას, ამ უკანასკნელი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ წყვილში დამარცხებულიც არ ეთიშება ევროსარბიელს. იგი ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის „დინამოსთვის" დღევანდელი დაპირისპირება ევროასპარეზზე საიუბილეო, 150-ე იქნება. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 2 აგვისტოს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" გაიმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner