„მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა გინდ უკრაინიდან, გინდ ფეიკ-ვიდეოების გავრცელება მიზნად ისახავს, რომ დაპირისპირებამ, პროვოკაციებმა მიიღოს სტაბილური ფორმა, ქვეყნისთვის სასიხარულოდ, ეს არ გამოსდით“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საოცრებაა, როცა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქვეყნის მართვაზე სერიოზული პრეტენზია აქვს, ამბობს, რომ მათმა ლიდერმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
„მთელი ამ სპექტაკლის დადგმა ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს იმ ხალხის მობილიზება, ვინც დესტრუქციული, დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში თავი არ გამოიჩინა. დესტაბილიზაციის ამ გეგმამ ვერ გაამართლა და გადაწყვიტეს, სააკაშვილი საარჩევნო პროცესში ამ ფორმით ჩაერთოს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩვენს თავს და საქართველოში ხდება.
სააკაშვილის ჩართულობა გინდ უკრაინიდან, გინდ ამ ფეიკ ვიდეოების გავრცელების მიზანი არის ის, რომ დაპირისპირებამ, პროვოკაციებმა, ხალხის მობილიზებამ, ენერგიის კონცენტრაციამ სტაბილური ფორმა მიიღოს. მათ ეს სურთ, მაგრამ ქვეყნისთვის სასიხარულოდ, არ გამოსდით. შემიძლია, გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის. უკრაინის ორგანოები ამბობენ, რომ მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და საქართველოს შესაბამისი ორგანოები აცხადებენ, მას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია.
საოცრებაა, როცა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქვეყნის მართვაზე სერიოზული პრეტენზია აქვს, ამბობს, რომ მათმა ლიდერმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.