„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის რამეს სპონტანურად აკეთებს, ძალიან ცდება“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, კონფლიქტების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ლალი მოროშკინამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ შემთხვევაშიც მიდის სწორი, პიარ-ტექნოლოგიურად გამართული, ცოცხალი ტესტირება. არანაირი სოციალური გამოკითხვა არ სჭირდება იმას, რომ მან უფრო კარგად დაინახოს, თუნდაც სოციალური ქსელის მეშვეობით, რეალური სურათი რა არის. რეალურ სურათს მაშინ ხედავ, როდესაც რაღაც რეალურ ფაქტს დადებ. მან კარგად იცის ეს ტექნოლოგია. ის ერთგვარად ტესტავს საზოგადოებას. იმ შემთხვევაში, თუ ის დაინახავს, რომ ანგაჟირებული, ფსიქოლოგიურად მერყევი, ეგზალტირებული მასის გარდა ნამდვილად ჰყავს მხარდამჭერი, მაშინ რატომაც არა, იფიქრებს ჩამოსვლაზე. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე და ის რეალურად არ მოდის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის მცდელობა, 2024 წლის არჩევნებისთვის მოუსინჯოს კბილი საზოგადოებას. ამ არჩევნებზე საუბარი საერთოდ არაა. ესაა გაცილებით დიდი გათვლა და გაცილებით უფრო სახიფათო, რადგან თუ ეს ექსპერიმენტი დასრულდა მისთვის საჭირო რეზულტატით, მაშინ ის აამოქმედებს ყველა ბერკეტს და მანქანას, რომ 2024-ში გადაიბაროს ხელისუფლება. ახლა ამის საშიშროება არამცთუ არაა, ის ადამიანებიც კი, რომლებიც დაქსაქსულები იყვნენ და „ოცნების“ ნაწილი გახარიასთან გადავიდა, ამ საშიშროებით და რეალური საფრთხით გახარიამ ის ელექტორატი დაკარგა”, - განაცხადა ლალი მოროშკინამ
ინტერვიუს სრული ნახვა შეგეძლებათ 4 ოქტომბერს, გაზეთ „ქართული აზრის“ მე-9 ნომერში.