logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: მას შემდეგ, რაც საქართველოს სათავეში „ქართული ოცნების” ხელისუფლებაა, ამ ქვეყანას ვერავინ არევს, ვერც შიგნიდან და ვერც გარედან
- +

1 ოქტომბერი. 2021. 21:59

 

 

„მას შემდეგ, რაც საქართველოს სათავეში „ქართული ოცნების” ხელისუფლებაა, ამ ქვეყანას ვერავინ არევს, ვერც შიგნიდან და ვერც გარედან. დღეს, ქართული სახელმწიფო ძლიერია როგორც არასდროს და ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და ძლიერ ინსტიტუტებს. ვერცერთი დესტრუქციული სუბიექტი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, ვერასდროს ვერსად დაემალება სამართალს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტარი ირაკლი ბერაია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

 

როგორც ირაკლი ბერაია აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საქართველოს მოქალაქეები და ის ოჯახები ელოდნენ, რომლებმაც, მისივე თქმით, საკუთარ თავზე განიცადეს სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სისასტიკე:

 

„სააკაშვილის რეჟიმი იყო სახელმწიფო ტერორიზმის მანიფესტაცია. ამ დანაშაულებრივი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, სააკაშვილი, დაკავებულია და ის საკუთარ თავზე იგრძნობს დემოკრატიული საქართველოს მართლმსაჯულების ძალას და სიმკაცრეს.

 

ამ დღეს დიდი ხანია ელოდა საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე და მათი ოჯახები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სისასტიკე, ვინც შეეწირა ამ გაუგონარ ბოროტებას, ვინც წლები გაატარა უკანონო პატიმრობაში, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, კეთილსინდისიერი შრომით დაგროვილი საკუთრება და ვის ცხოვრებაზე და ცნობიერებაზე კვალი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა“, - აღნიშნავს ბერაია.

 

მისი თქმით, განსაკუთრებულ შექებას და მადლობას იმსახურებენ ჩვენი პოლიციელები და უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებმაც მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს დამნაშავის დაკავება:

 

„დღევანდელი დღე, კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლებით, ძლიერი პრემიერ-მინისტრით სათავეში. საქართველოს ჰყავს ეფექტიანი უსაფრთხოების და სამართალდამცავი უწყებები. განსაკუთრებულ შექებას და მადლობას იმსახურებენ ჩვენი პოლიციელები და უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებმაც მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს დამნაშავის დაკავების ღონისძიება. მათ მიმართ დაუმსახურებელი კრიტიკის, ცილისწამების და დისკრედიტაციის მცდელობების პირობებში ისინი ღირსეულად ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებას და დგანან სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების და დაცულობის სადარაჯოზე.

 

განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს ვახტანგ გომელაურის და გრიგოლ ლილუაშვილის ლიდერობა, ვინც ჩვეული პროფესიონალიზმით, ცივი გონებით და წინდახედულობით კიდევ ერთხელ აარიდა სახელმწიფოს დიდი საფრთხე“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner