„ძალიან ბევრი, კარგი საქმე გავაკეთეთ, თუმცა ცხადია, გვაქვს ისეთი პროექტები რის განხორციელებაც ვერ მოვახერხეთ და ვერ შევძელით - დროებით გავაჩერეთ გარკვეული პროექტები, ამაზე მე ვისაუბრე, როდესაც ჩემი წარდგენის ღონისძიება იყო. ამას აქვს თავისი ახსნა, მე არ მერიდება ამაზე საუბარი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ყოველთვის ვცდილობ საზოგადოებას ვესაუბრო გაკეთებულ, გასაკეთებელ საქმეებზე, ასევე იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც დღის წესრიგში დგას. ამის მიზეზი რა იყო. ამ ოთხი წლიდან 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ვიყავით გაჩერებულები, არცერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ დაგვიწყია. თანხები რომელიც მობილიზებული იყო მსხვილი, მასშტაბური პროექტების დასაწყებად მოგვიწია გადაგვემისამართებინა იმ ოჯახების, იმ ადამიანების მხარდასაჭერად ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა პანდემიის პერიოდში.
სამწუხაროდ დღესაც ვებრძვით ამ უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. უამრავ ოჯახსა და ადამიანს დავეხმარეთ, დავეხმარეთ ბიზნესს. ახლა ყველაზე მთავარია როგორი იქნება მომავალი 4 წელი - რას ვაპირებთ, რას ვაკეთებთ. გვაქვს კონკრეტული პროექტები, დიდი და მასშტაბური. უამრავი ოჯახი და ადამიანი ელოდება რომ გაგრძელდეს ეს პროექტები და ვპირდები მათ, თბილისელებს, რომ ძველი თბილისის განახლება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.