„მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის შიმშილობას აცხადებს და როგორც უკრაინის მოქალაქე უკრაინის კონსულთან შეხვედრას მოითხოვს. შიმშილობას იმიტომ აცხადებს, რომ არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს“- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას ინფორმაციით დაკავების დროს სააკაშვილი მარტო იმყოფებოდა და წინააღმდეგობა არავისთვის არ გაუწევია.
„როდესაც შევედი ის იმყოფებოდა ექიმებთან და სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. როგორც მან მითხრა, დაკავების დროს მარტო იმყოფებოდა და არავისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, შესაბამისად, მის მიმართ ძალა არ ყოფილა გამოყენებული. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც რაიმე განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს“, - აღნიშნა ლომჯარიამ.