„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„2012 წლიდან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო ტრადიცია დამკვიდრდა. რა თქმა უნდა მუდმივ დახვეწას განიცდის პრაქტიკა, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო პრაქტიკის დახვეწის თვალსაზრისით.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალურად სათანადოდ ყველა პროცედურის ჩატარება, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. იცით, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო სათანადო, იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი გარემო ამ ორი თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა იყო პროვოკაციები ბოლო ათი დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა კავშირი ადგილობრივ საარჩევნო შტაბებთან და მადლობას გადავუხდი მათ იმისათვის, რომ ყველა პროვოკაციას, რაც ვიხილეთ ბოლო 10 დღის განმავლობაში ისინი შეხვდნენ სრული სიმშვიდით, გარდა ერთი სამწუხარო გამონაკლისია, რომელიც დმანისში მოხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.