„ცხრა წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, „ქართულმა ოცნებამ“, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უდიდეს გამარჯვებას მიაღწიეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.
არჩევნების წინა დღეს კუჭავამ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება.
„როდესაც ვსაუბრობთ, თუ რატომ უნდა მოგვცეს ამომრჩეველმა ხმა, აუცილებელია, ალბათ ვისაუბროთ არა მხოლოდ დაპირებებზე, არამედ იმ შედეგებზე, რასაც მივაღწიეთ, რასაც მოყვა უკვე ახალი დაპირებები, რითიც ჩვენ წარვდექით ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის წინაშე. ცხრა წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, „ქართულმა ოცნებამ“, ქართველმა ხალხმა ნამდვილად უდიდეს გამარჯვებას მიაღწია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ლიდერობით და ზუსტად მისი პრემიერობის დროს საფუძველი ჩაეყარა იმ ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნას, რომელსაც დასჭირდა, რა თქმა უნდა, პერიოდი, თუმცა, ეს იყო წარმატებების გზა და აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი, განსაკუთრებით, მოვლენა ვახსენოთ.
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რასაც ვპირდებოდით თავიდანვე – ეს არის ის მთავარი მიზანი, რომელსაც სანამ არ მივაღწევთ, არცერთი ქართველი არ გაჩერდება. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გამთლიანება და არ შეიძლება, არ ვახსენოთ ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ პერიოდში ამ გზაზე, საუბარია იმ უპრეცენდენტოდ მაღალ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. საუბარია, თუნდაც, გაეროს რეზოლუციაზე, სადაც ყოველწლიურად არის მატება იმ ქვეყნების, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. არ შეიძლება, არ ვახსენოთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცენდენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა და უკვე მათთან საკანონმდებლო დონეზე ჩანაწერების გაკეთება, თუ რა სანქციები დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის გზა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია ასევე ჩვენს დღევანდელობაში, ის ხელშეკრულება, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი 2014 წელს, ასოცირების შეთანხმება, ამას მოჰყვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაშინ ყველასთვის ძალიან სანატრელი თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან, როდესაც მიზანი დასახული გვაქვს, ჩვენ ამ მიზანს ვაღწევთ. ასევე, არ შეიძლება, არ ვახსენოთ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა, სადაც უკვე ჩვენ ნამდვილად შევცვალეთ კონსტიტუცია ისე, როგორც ამას ჩვენი მოსახლეობა მოითხოვდა. სხვათა შორის, აქვე უნდა ვახსენოთ, რომ პირველი საკონსტიტუციო ცვლილება იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ ასე ვთქვათ, თავის საზიანოდ განახორციელა, რადგან ამ შემთხვევაში, გაცილებით უფრო გაძლიერებულია თუნდაც ჩვენი ოპონენტების უფლებები, შემდეგ უკვე რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები და უპრეცენდენტოდ დიდი ზედამხედველობის ფუნქციები, რომელიც ადრე არასდროს არ ჰქონდა პარლამენტს, ასევე ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, რომელმაც უზრუნველყო მრავალპარტიული პარლამენტი, არ შემიძლია, არ ვახსენო უდიდესი შრომა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ კუთხით ჩადო, ზუსტად ირაკლი კობახიძის ლიდერობით, რომელიც მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე და მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ეს რეფორმა.
ყველაფერ ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივდივართ ჩვენს ამომრჩეველთან რეგიონებში და ვსაუბრობთ ძლიერ რეგიონებზე. პროგრამა, რომელიც როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგენს იმ დაპირებებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ოთხი, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც. ჩვენ გვქონდა წარდგენები ყველა რეგიონში, იყო ძალიან საინტერესო, პირადად გვენახა ის პროექტები, რომელიც ხორციელდება და ბევრ შემთხვევაში, მეც ვყოფილვარ გაკვირვებული, რადგან არ ვიცოდი გარკვეული პროექტების შესახებ, თუმცა, თითქმის ყველგან ჩვენ ვხედავდით იმ პროექტებს, რომელიც იყო დაპირება და განხორციელდა, ზოგი პროექტი, წყალმომარაგების პროექტები გარკვეულ ქალაქებში, სადაც ნამდვილად სანატრელი იყო, თუნდაც, წარმოადგენს ელემენტარულ საგანს, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ასევე მოვუწოდებდით და მოვითხოვთ კიდეც მუნიციპალიტეტებში ჩვენი მერებისგან და საკრებულოებისგან ეს არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა და ამ კუთხით არ შეიძლება, არ ვახსენოთ ის მაგალითი, რომელიც ჩვენ გვაქვს თბილისში, კახა კალაძის და მისი გუნდის სახით და ახსენეს კიდეც ეს აქ, რადგან უმნიშვნელოვანესია, ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ამაში მონაწილეობა ბოლომდე იყოს მოსახლეობისა, რათა მათ იგრძნონ თავიანთი წვლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.