„15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მილიონ 160 ათასმა ამომრჩეველმა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, აქტივობა არის საკმაოდ მაღალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცედურები კვლავაც წარიმართება კანონმდებლობის დაცვით.
„მოხარული ვართ, რომ არ ფიქსირდება რამე არსებითი დარღვევა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და მოქალაქეს, საარჩევნო ადმინისტრაციას მისცენ პროცედურების მშვიდად წარმართვის, ხოლო ამომრჩეველს - ხმის მშვიდ გარემოში მიცემის შესაძლებლობა. კენჭისყრის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები დარჩა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა თითოეული თქვენგანის ხმა აისახოს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.