სოციალური ფორუმი- „ამერიკის ნამდვილი მეგობრები" აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის მიმართავს და გიორგი პაპუაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
„სოციალური ფორუმი- „ამერიკის ნამდვილი მეგობრები" (GFA) შეშფოთებული ვადევნებთ თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის , გიორგი პაპუაშვილის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, რომლებიც ერთმანეთს დროში საკმაოდ საეჭვოდ დაემთხვა. ასევე საეჭვოა რამდენად საფუძვლიანი, სამართლიანი და არგუმენტირებულია ეს ბრალდებები.
ბატონო ელჩო, თქვენი დღევანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ბრალდებები ნამდვილად იძლევა წუხილის საფუძველს, ჩვენთვის, "ამერიკის ნამდვილი მეგობრებისთვის" ასევე საკმაოდ შემაშფოთებელია. ნება მოგვეცით, აგიხსნათ რატომ:
ჩვენს განცხადებებში მრავალჯერ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, საქართველოს მოსახლეობაში აღადგინოს ნდობა ამერიკის მიმართ, იმ ქვეყნისა, რომელიც ყოველი ქართველისთვის დემოკრატიის, სამართლის და თავისუფლების სიმბოლო იყო და რომლის დისკრედიტაციაც "ნაციონალურმა მოძრაობამ " თავისი მმართველობის წლებში მოახდინა და დღემდე აგრძელებს.
დღეს საქართველოში ყველამ იცის, რომ ეს პარტია ნიადაგს ამზადებს, რათა ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს და არჩევნების მეორე დღიდანვე საქართველოში სისხლის გუბეები დააყენოს. სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის , ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის წინასაარჩევნო სააგიტაციო განცხადებები. შეგახსენებთ, რომ ეს ის ადამიანია, რომლის ამ პოსტზე ყოფნის წლებში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენი 0,001 % იყო! თქვენ, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ადამიანების სამშობლოს შვილმა კარგად უნდა იცოდეთ, რას ნიშნავს ეს და რომელ ქვეყანასთან და ისტორიის რომელ ეტაპთან შეიძლება ანალოგის მოძებნა.
ბატონო ელჩო, იქნებ აუხსნათ საქართველოს საზოგადოებას, რითია გამოწვეული თქვენს მიერ ამ ადამიანის სიტყვებისადმი ასეთი უაპელაციო ნდობა. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, სამწუხაროდ ყველამ ვნახეთ, , სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლი პიროვნება თვალსა და ხელს შუა როგორ გარდაიქმნა მისი პარტიის აპოლოგეტად და როგორ ახდენს ნაციონელებისგან წამოსულ ნებისმიერ მესიჯზე მათთვის სასურველ რეაგირებას. ჩვენთვის უცნობია, რა არის ამ ადამიანის ასეთი "მეტამორფოზის " რეალური მიზეზი, თუმცა სამწუხაროდ, მის ამ უცნაურ ქცევას ხალხმა უკვე მოუნახა ახსნა- ნაციონალების ჩვეული მეთოდით ადამიანის დაშანტაჟება.
ბატონო იან, სოციალური ფორუმი "ამერიკის ნამდვილი მეგობრები", რომელიც ამერიკელი და ქართული ხალხის მეგობრობის გაღრმავების მიზნით შეიქმნა, მოგმართავთ თხოვნით, შეწყვიტეთ "ნაციონალური მოძრაობის" გამორჩეულად უღირსი წარმომადგენლების მხარდამჭერი განცხადებების კეთება , პატივი ეცით ორი ქვეყნის ხალხების ურთიერთობას და ნუ უწყობთ ხელს ამ ურთიერთობებში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაჩენილი ბზარების გაღრმავებას.
გახსოვდეთ, რომ საქართველოში თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, რომელსაც ქართველი ხალხის და საქართველოს მხარდამჭერი გეზი აქვს აღებული."- აღნიშნულია განცხადებაში.