logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს!
- +

26 ივლისი. 2016. 23:47



 ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ჭორაობისგან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამის შესახებ კალაძემ ოზურგეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე განაცხადა და პრეზიდენტის იმ განცხადებას უპასუხა, რომელიც კორცხელის ინციდენტთან კახა კალაძის კავშირს ეხებოდა.


კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან არაადეკვატური განცხადებები ისმის.

 

" აშკარად ჩანს, რომ ის ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების გარკვეული დისკრედიტაცია განახორციელოს. რაზეც დგას ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო, ეს ადამიანი ცდილობს თავისი განცხადებებით მისი დისკრედიტაცია მოახდინოს. აშკარად ჩანს, რომ ის ამ განცხადებების გამო დაბნეულია, ალბათ იმის გამო თუ რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში მის გამოსვლებს. თუმცა ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ მაგალითად კორცხელის ინციდენტი დააკავშიროს პირდაპი ჩემთან. ეს მე მაფიქრებინებს, რომ გარკვეულწილად შეიძლება ეს აღქმული იყოს ზეწოლად სამართალდამცველების მიმართ", - განაცხადა კალაძემ.


"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს ემთხვევა.


"ის ყოველთვის საუბრობს, რომ არ არის "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტი, თუმცა მისი განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" ციტირებებია და რაც ის პრეზიდენტია მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში, მას გაეკეთებინა განცხადება თუნდაც კარალეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით, თუნდაც გაეკეთებინა განცხადება იმ ზონდერებთან დაკავშირებით, ვინც წლების განმავლობაში გახსოვთ რა დღეში აგდებდა ჩვენს მოსახლეობას და როგორ უსწორდებოდა ქართველ ხალხს. მინდა მას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავოს ჭორაობისგან. ის არის ქვეყნის პრეზიდენტი. მერე რა რომ გარკვეული ადამიანების ხათრით იქნა არჩეული, ის პრეზიდენტია, პატივი სცეს ამ ინსტიტუტს და თავი შეიკავოს ჭორაობისგან", - განაცხადა კახა კალაძემ.


პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროს კახა კალაძეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიშველაძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია უმოქმედობით.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner