გიორგი მარგველაშვილის სკანდალურ ბრალდებას, დღის ბოლოს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა შსს. გიორგი მღებრიშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარია, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ-ს გაჩხრეკვაზე, რომლის წინააღმდეგ შსს-ს კრიმინალურ პოლიციაში გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მღებრიშვილის უწყებას მიუღებლად მიაჩია.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მმართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ამბობს, რომ პრეზიდენტი საუბრობს, როგორც რიგითი პარტიის რიგითი აქტივისტი, რომელიც პოლიტიკურ დემაგოგიას აწვება.
„იმ ქვეყანაში სადაც პრეზიდენტს აშანტაჟებენ, როგორ შეიძლება თავი იგრძნოს დაცულად რიგითმა მოქალაქემ", - ეს კითხვები უკვე დასვეს „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. რას ემსახურებოდა პრეზიდენტის ეს სკანდალური განცხადება?
არჩილ გამზარდია: მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ჩვენ ვიცნობთ, როგორც გონიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს და მერე ლაპარაკობს, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე ვერ ხვდება როგორ აღიქმება მისი განცხადება. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გაუზრებელი განცხადება. ყოველ შემთხვევაში მირჩევნია, რომ გაუაზრებელ განცხადებად ჩავთვალო, ვიდრე მიზანმიმართული დარტყმა პრეზიდენტის მხრიდან.
ძალიან საეჭვოდ დაემთხვა პრეზიდენტის განცხადება, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას. ჩნდება კითხვა - თუკი ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რატომ არ გაახმაურა იმავე დღეს და რატომ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ინტერესების გამტარებელია?
- ბუნებრივია, როდესაც შეხვედრის შემდგომ კეთდება განცხადება, შეუძლებელია კონტექსტები არ ვეძებოთ თავად ამ შეხვედრის შინაარსში. ბოლო პერიოდში ჩანს, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ასეთ დადებით სიგნალებს უშვებს. ამ პატარა განცხადებაში, რამდენიმე შტრიხია, რომელიც ჩემთვის არ არის მისაღები და გაუგებარია. პრეზიდენტი არ უნდა აკეთებდეს რებუსებით განცხადებებს.
სწორედ, რომ ეს არის მთავარი, რატომ არ იყო მყისიერი რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან?
- სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თუკი რამე მსგავსი მოხდა, მისი მხრიდან მყისიერი რეაგირება უნდა ყოფილიყო, რადგან საუბარია ქვეყნის პირველ პირზე, რომელიც უკანონობას ითმენს საკუთარ ოჯახში. თუკი თვლიდა, რომ მის თვალწინ რაღაცა უკანონობა ხდებოდა, რატომ გაატარა, რა მოტივებმა იმოქმედა პრეზიდენტზე, რომ არ შეიმჩნია? ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ სახელმწიფო სექტორის უკანონობას გაატარებს, სხვა უკანონობასაც გაატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დაუსვეს ჟურნალისტებმა შეკითხვა, მან დეტალებზე არ ისაუბრა. ამიტომაც, ბუნებრივია რომ ეს ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს. თუ პრეზიდენტი სათანადო არგუმენტებს და მტკიცებულებებს არ დადებს, რომ ჩხრეკა უკანონო იყო, გამოდის, რომ ის სახელმწიფო ინსტიტუტს და ამ შემთხვევაში შსს-ს მიზანმიმართულ აყენებს ზიანს.
პრეზიდენტი, რომელიც ამავე განცხდებაში ლაპარაკობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები დაცული უნდა იყოს და არადისკრედიტირებული, გამოდის, რომ თავად ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას. იმდენად ბევრი გაუგებრობა შეიქმნა პრეზიდენტის განცხადებიდან, რომ ეს გაუგებრობები პრეზიდენტის სასარგებლოდ არ მოქმედებს.
თუ ეს გააზრებული განცხადებები იყო, პირველ რიგში, მის პოლიტიკურ კეკლუცობას წააგავს „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ, პარალელურად კი, სახელმწიფო ინსტიტუტების დარტყმას, რაც არც ერთ შემთხვევაში არ არის სასურველი. სამწუხაროდ, პრეზიდენტი არადეკვატურობას ავლენს.
ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა რა განცხადებას აკეთებდა, მაგრამ მიზანი რა ჰქონდა, რის წარმოჩენას ცდილობს პრეზიდენტი?
- პირველ რიგში, პრეზიდენტი ცნებებს არ უნდა ურევდეს ერთმანეთში. ზეწოლა და კანონდარღვევით რაღაცა აქტის შესრულება, სრულიად სხვადასხვაა. ჩხრეკა შეიძლება იყოს კანონიერი, ან უკანონო და თუკი ჩხრეკა კანონიერ საფუძველზეა ჩატარებული, არ შეიძლება ზეწოლად აღიქმებოდეს. პრეზიდენტი საუბრობს, როგორც რიგითი პარტიის, რიგითი აქტივისტი, რომელიც პოლიტიკურ დემაგოგიას აწვება, რომ მისი მესიჯები გაიტანოს.
პრეზიდენტის ეს განცხადება პოლიტიკურ დემაგოგიას უფრო გავს. თუ ეს მიზანმიმართულად გააკეთა პრეზიდენტმა, ბუნებრივია, მიზანი მარტივად ჩანს, ის ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების დიკრედიტაციას.
თუ სახელმწიფო პრეზიდენტის ოჯახზე ამდენ უკანონობას ავლენს, ბუნებრივია, ეს უწყება დისკრედიტირებული იქნება საზოგადოებაში. პრეზიდენტის მხრიდან ეს ცოტა საფრთხილო თემაა. მაინც ვცდილობ, რომ ფრთხილი ვიყო შეფასებებში, მაგრამ მეტ განმარტებებს მოველი პრეზიდენტისგან, რა მიზეზით შეაყოვნა რეაგირება ერთი თვე და რატომ დღეს?
როგორც ირკვევა პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩააყენა პრემიერი, რომელმაც საკითხის დაუყოვნებლივი შესწავლა დაავალა შს მინისტრს. გიორგი კვირიკაშვილი გამორიცხავს, რომ ეს ყოფილიყო შანტაჟი და მით უმეტეს, რომ პოლიტიკური კომპონენტი იყოს ამ ყველაფერში ჩადებული. დავუშვათ, რომ პოლიტიკური კომპონენტი იყო ჩადებული, ვის ეკისრება ამ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა?
- რა დოზითაც შეიცავს სიმართლეს, ან სიცრუეს, იმ დოზით უნდა იყოს პასუხისმგებლობა აღებული შესაბამისი ადამიანების მხრიდან. თუ პრეზიდენტი ცრუობს, მაშინ მინიმუმ მან უნდა ზიდოს პასუხისმგებლობა. თუ პრეზიდენტი მართალს ამბობს, მოკვლეული უნდა იქნას დამანაშავე პირი. იმდენად მწირი განცხადებაა, რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად რა მოხდა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვათ, არ შეიძლება პრეზიდენტმა განმარტებების გარეშე მსგავსი განცხადებები ჰაერზე ისროლოს. ის არის პრეზიდენტი და არა რიგითი პოლიტიკური პარტიის რიგითი აქტივისტი.