logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: შეიძლება რაღაც დავაკელი პროცესს, ამისთვის ბოდიში - მზად ვარ მეორე ტურში მონაწილეობისთვის და პატივს ვცემ ნებისმიერ გადაწყვეტილებას
- +

3 ოქტომბერი. 2021. 13:42

 

 

„პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება, მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაიდო 48-პროცენტიანი შედეგი.

 

„ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემ მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48-პროცენტიანი შედეგი. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ. თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა.

 

დღეს, არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატის მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება, მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში.

 

მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს დედაქალაქს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი და ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner