„რასაც დღეს „ქართული ოცნება“ არჩევნებში პროპორციული სისტემით აჩვენებს, ობიექტურად გამორჩეული შედეგია“, - ამის შესახებ ექსპერტმა ვიქტორ ყიფიანმა, არჩევნების შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
„მინდა, ვუთხრა მათ, ვინც ალბათ, დღეს თვალი გაახილა და ოდნავ სკეპტიკურად შეხედა „ქართული ოცნების“ შედეგებს. ახლა აზრთა სხვადასხვაობა. ის შედეგი, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აჩვენებს არჩევნებში პროპორციული სისტემით, ობიექტურად გამორჩეული შედეგია და ვიტყვი რატომ. ალბათ, შესაძლებელია, რამდენიმე არგუმენტი დავასახელოთ. პირველი და უმთავრესი, ნუ დაგვავიწყდება, რომ მმართველი პარტია ხელისუფლების მესამე პოლიტიკურ ფაზაში იმყოფება. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და როდესაც ამ პირობებში, როდესაც შენ მესამე პოლიტიკურ ციკლში იმყოფები და უჩვენებ ამ შედეგს, რა თქმა უნდა, ეს გამორჩეულად ობიექტური შედეგია.
მეორე გარემოება არის ის, რომ ჩვენ ნუ დავივიწყებთ, რომ როგორც არჩევნების წინა პერიოდი, ასევე არჩევნების პროცესში წარმართული მოვლენები დაკავშირებული იყო მძიმე პანდემიურ ვითარებასთან. ასეთ პირობებში ქვეყნის მართვა, მით უფრო, რომ მკვეთრად გაუარესებულია პოლიტიკური და სოციალური ფონი, ორმაგად რთულს ხდის ამგვარი შედეგის მიღწევას.
გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ძალიან რთული გამოწვევების რეგიონში ვართ და თუნდაც, სააკაშვილის ასეთი დესანტირება საქართველოს ტერიტორიაზე ერთგვარად ამ რეგიონული ხლართების საკითხს წამოწევს და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი განსაკუთრებულ შესწავლასა და დაკვირვებას საჭიროებს.
მეოთხე და მთავარი, ნუ დავუკარგავთ მმართველ პარტიას, რომ მან თავისი კამპანია ჩაატარა საკმაოდ ტოქსიკური მედიასივრცის პირობებში“, - განაცხადა ყიფიანმა.