logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: პროპორციული გზით მოპოვებული მაჩვენებელი ბევრად აღემატება ე.წ. „სარეფერენდუმო“ ნიშნულს
- +

3 ოქტომბერი. 2021. 15:43

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და წერს, რომ საარჩევნო პროცესი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შეფასებით, ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“, მეათე წელია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია.

 

„მაშ ასე, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შეფასება და მხოლოდ ძირითადი შედეგები. დადებითი მხარეები:

 

საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ამას ადასტურებენ სადამკვირვებლო მისიით ჩამოსული 52-ვე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები;

 

მათივე და აშშ-ს, ევროკავშირის ელჩების შეფასებით - ჩატარებული არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში;

 

ოპოზიციის შარშანდელი ფარსი „ჩაილურის წყალში“ ჩაიძირა;

 

„ქართული ოცნება“, როგორც მოქმედ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია - მეათე წელიწადია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც საქართველოს ისტორიაში - უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია;

 

პროპორციული გზით მოპოვებული მაჩვენებელი - ბევრად აღემატება ე.წ. „სარეფერენდუმო“ ნიშნულს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ და „რიგგარეშე“ არჩევნების თემას საერთოდ და სამუდამოდ, ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგიდან ხსნის;

 

საქართველოში შემდგომი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს - ეს ნიშნავს სტაბილურობის ტაიმ-აუტს, ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარებას, მის საგარეო მიმართულებით წინსვლას და დეოკუპაციისაკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს;

 

მიუხედავად შიდაპარტიული ღალატის ფაქტორისა, „ქართული ოცნების“ მიერ დაფიქსირებულმა გამარჯვების მაღალმა მაჩვენებელმა ცხადყო - რომ მისი პარტიული ნალექი, მართალია, გადაინაცვლა სხვა პოლიტიკურ „ყულაბაში“, მაგრამ ოცნებას მისი პარტიული ნაღები დაუბრუნდა;

 

„ოცნების“ მხარდამჭერთა რიგებში მისი პარტიული ნაღების დაბრუნება - ცალსახად პარტიის შინაარსობრივი რებრენდინგისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორებით არის განპირობებული და ეს ფაქტორები - შემდგომი პერსპექტივების თვალსაზრისით, აშკარად დინამიკურ მდგომარეობაშია მოყვანილი;

 

ამომრჩეველთა დასწრების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია და წინა წლების საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჯდება;

 

ამ არჩევნების წყალობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შედგა ორი ადამიანის ესოდენ ნანატრი გაცნობა. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რომელთა ჩამოთვლა ასევე მნიშვნელოვანია და საჭირო - მე ამ „სიამოვნებას“ შემოვინახავ არჩევნების საბოლოო დასრულებამდე, მათ შორის ზოგ ადგილას ჩასატარებელი მოსალოდნელი მეორე ტურების გათვალისწინებით. ხოლო ამ ეტაპზე - გილოცავთ!!!

 

ეს არჩევნები უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში, როგორც სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება. თუმცა, მხოლოდ კიდევ ერთი მოგებული ბრძოლის სახით - ომი ჯერ არ დამთავრებულა!“ - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner