ექსპერტი დავით ქართველიშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და წერს, რომ საარჩევნო პროცესი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შეფასებით, ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“, მეათე წელია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია.
„მაშ ასე, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შეფასება და მხოლოდ ძირითადი შედეგები. დადებითი მხარეები:
✓ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ამას ადასტურებენ სადამკვირვებლო მისიით ჩამოსული 52-ვე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები;
✓ მათივე და აშშ-ს, ევროკავშირის ელჩების შეფასებით - ჩატარებული არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში;
✓ ოპოზიციის შარშანდელი ფარსი „ჩაილურის წყალში“ ჩაიძირა;
✓ „ქართული ოცნება“, როგორც მოქმედ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია - მეათე წელიწადია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც საქართველოს ისტორიაში - უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია;
✓ პროპორციული გზით მოპოვებული მაჩვენებელი - ბევრად აღემატება ე.წ. „სარეფერენდუმო“ ნიშნულს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ და „რიგგარეშე“ არჩევნების თემას საერთოდ და სამუდამოდ, ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგიდან ხსნის;
✓ საქართველოში შემდგომი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს - ეს ნიშნავს სტაბილურობის ტაიმ-აუტს, ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარებას, მის საგარეო მიმართულებით წინსვლას და დეოკუპაციისაკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს;
✓ მიუხედავად შიდაპარტიული ღალატის ფაქტორისა, „ქართული ოცნების“ მიერ დაფიქსირებულმა გამარჯვების მაღალმა მაჩვენებელმა ცხადყო - რომ მისი პარტიული ნალექი, მართალია, გადაინაცვლა სხვა პოლიტიკურ „ყულაბაში“, მაგრამ ოცნებას მისი პარტიული ნაღები დაუბრუნდა;
✓ „ოცნების“ მხარდამჭერთა რიგებში მისი პარტიული ნაღების დაბრუნება - ცალსახად პარტიის შინაარსობრივი რებრენდინგისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორებით არის განპირობებული და ეს ფაქტორები - შემდგომი პერსპექტივების თვალსაზრისით, აშკარად დინამიკურ მდგომარეობაშია მოყვანილი;
✓ ამომრჩეველთა დასწრების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია და წინა წლების საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჯდება;
✓ ამ არჩევნების წყალობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შედგა ორი ადამიანის ესოდენ ნანატრი გაცნობა. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რომელთა ჩამოთვლა ასევე მნიშვნელოვანია და საჭირო - მე ამ „სიამოვნებას“ შემოვინახავ არჩევნების საბოლოო დასრულებამდე, მათ შორის ზოგ ადგილას ჩასატარებელი მოსალოდნელი მეორე ტურების გათვალისწინებით. ხოლო ამ ეტაპზე - გილოცავთ!!!
ეს არჩევნები უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში, როგორც სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება. თუმცა, მხოლოდ კიდევ ერთი მოგებული ბრძოლის სახით - ომი ჯერ არ დამთავრებულა!“ - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.