„სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია რეფერენდუმის სივრცეში გადაჰყავდათ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში, ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
პაპუაშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნა მოიშველია, სადაც მისი თქმით, აღნიშნულია, რომ ოპოზიციის რეფერენდუმზე საუბარმა ადგილობრივ საჭიროებებზე საუბარი გადაფარა, რაც ადგილობრივი დემოკრატიისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო. ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია კი ადგილობრივი თვითმმართველობის საჭიროებებზე იყო აგებული.
„რა თქმა უნდა, იყო გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებიც, რომელიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა. მათ ასე შეაფასეს, რომ ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის, რადგან რეფერენდუმზე საუბარმა ადგილობრივ საჭიროებებზე საუბარი გადაფარა, რასაც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნავდით. ჩვენი კამპანია სრულად იყო აწყობილი ადგილობრივი თვითმმართველობის საჭიროებებზე. სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს ეს კამპანია რეფერენდუმის სივრცეში გადაჰყავდათ“, - დასძინა პაპუაშვილმა.