გიორგი ხელაშვილი საერთაშორისო მისიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ბრიფინგზე დამკვირვებლებმა უპრეცედენტო განცხადებები გააკეთეს.
„ეს შეფასება არ ეხებოდა მარტო მთავრობას, არამედ მთელ პოლიტიკურ კლასს და თუ გნებავთ, მთელ საზოგადოებას. გაამახვილეს ყურადღება ორ რამეზე: პირველი (ეს იყო მართლა უპრეცედენტო) - მედიის როლი პოლარიზებაში. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მერე დამატებითი შეკითხვა დაუსვა მთავრობის რიტორიკაზე ჟურნალისტების მიმართ. მეორე უპრეცედენტო ფაქტი იყო, რომ დამკვირვებელმა ჯგუფის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად შემოუბრუნა ბრალდება და უთხრა ასეთი რამ: „თქვენი პოლარიზებული სიძულვილის ენა პრაქტიკულად უწყობს ხელს იმ პოლარიზებულ გარემოს, რომელშიც გიწევთ ცხოვრება და მერე იწყებთ წუწუნს ამაზე“. ამ სიტყვებით არ უთქვამს, მაგრამ იგულისხმებოდა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც დამკვირვებლებმა პრაქტიკულად გააკრიტიკეს მედიასაშუალებები, რომლებიც საკუთარ თავს კრიტიკულ მედიას უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში პარტიული მედია არიან“, - განაცხადა ხელაშვილმა.