„საიდან შემოვიდა სააკაშვილი, ძალიან მალე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად მოვუყვებით, მაგრამ მოუყვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ჩვენი საგამოძიებო უწყებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, და ეს მოხდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
„მას შემდეგ, რაც ციხეში აღმოჩნდა ვაჟბატონი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად საშიშ ადამიანთან გვაქვს საქმე. თვითონ საშიშ კი არ არის, ავად არის ეს კაცი, ჩვეულებრივი ავადმყოფია და მას სჭირდება მკურნალობა. კატასტროფაა, რომ ეს კაცი იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. შემთხვევითი არ არის, რომ 9 წლის განმავლობაში არყევდა ქვეყანას და ახლა ბოლო 9 წელი. 18 წელია არყევს ქვეყანას და ეს კაცი მუდმივად არის დესტაბილიზაციის წყარო. დამისახელეთ რევოლუციით მოსულ კაცს, ვის მოუტანია შენება და პროგრესი. მოიტანა ნგრევა და ომი, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანები ჩახოცა, ათასობით ადამიანი დასაჯა და გააუბედურა. ეშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ ციხეში დაისვენოს.
ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა სააკაშვილი იყო იუთუბ არხებზე ჩართვებით და ტელეხიდებით. რატომ? ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორე - ყველა დაიღალა. დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა. სააკაშვილი ან უნდა დაგვეწირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში.
ვფიქრობ, რომ იდეალურად დაჯდა და დავსვით ყველაფერი, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარედეს, ვერ წწარმომიდგენია. ბოლო იმედი იყო სააკაშვილი. ბოლო რესურსი ჩადეს ამ არჩევნებისთვის. ჩამოვიდა და პირდაპირ ციხეში შევიდა, ისე, რომ ვერაფერი გააკეთა. მე ვფფიქრობ, რომ ის ძალიან კომფორტულად იქნება. ჩვენ მაქიმალურ კომფორტს შევუქმნით მას ციხეში და არავითარი კითხვა მისი მართლმაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ისე არ მოვექცევით და ავექცევით ოპონენტებს, როგოირც ისინი იმსახურებენ და ექცეოდნენ თავის ოპონენტებს, მაგრამ ჩვენ ვართ დემოკრატია, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია და პირველივე საათიდან ადვოკატიც შევიდა, მნახველებიც ყავს და პრობლემა არ იქნება არავითარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.