„თავიდან ბოლომდე, სააკაშვილის გადაადგილება, დაწყებული უკრაინიდან საქართველომდე, იყო სრული კონტროლის ქვეშ, ვიცოდით, რომელ ბინაში იმალებოდა და ველოდებოდით საჭირო მომენტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იგეგმებოდა ძალიან მძიმე პროვოკაცია და ხელისუფლებას ეს ინფორმაცია სააკაშვილის გარემოცვიდან ჰქონდა.
„სულ რაღაც ერთი კვირის წინ, მათი რიტორიკა რა იყო, მთელი კამპანია ჰქონდათ, რომ ჩვენთან ქვეყანაში არის ტოტალური კონტროლი, რომ „ქართული ოცნება“ არის დიქტატორული რეჟიმი, ჩვენ ყველას და ყველაფერს ვაკონტროლებთ და ვერავინ ვერაფერს აკეთებს ისე, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ, ყველას ვუსმენთ, ყველას ვუყურებთ, ყველას ვაკონტროლებთ - ეს ერთი ბრალდება; მეორეს მხრივ, მას შემდეგ, რაც ეს სულელი კაცი შემოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა, რომ თითქოს ვერაფერს ვაკონტროლებთ, ამ დროს ვნახეთ, როგორ მაღალპროფესიონალურად, ჩვენ თვითონ გავაღეთ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი და შევედით და გამოვაბრძანეთ მაშინ, როცა მარტოდმარტო იყო სახლში, სამალავ ბინაში.
ახლა მითხარით, ვინ მართავს და აკონტროლებს დღეს სიტუაციას ქვეყანაში და ვინ არის ჩამოშლილი და განადგურებული, მით უმეტეს, შეხედეთ შედეგებს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ შემიძლია, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და გამოძიების საქმეში არ უნდა შევიჭრა, მაგრამ იმ დოზით, რა დოზითაც მე შემიძლია, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოსახლეობას, ვეტყვი შემდეგს - ვინაიდან ყველაფერი ჩავლილია, თუმცა მეორე ტურებიც გვაქვს და ამ ყველაფერსაც მშვიდობით ჩავამთავრებთ, ძალიან მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა, სააკაშვილის გარემოცვიდან გვქონდა ინფორმაცია.
თავიდან ბოლომდე, მისი გადაადგილება, დაწყებული უკრაინიდან საქართველომდე, იყო სრული კონტროლის ქვეშ. ვიცოდით, რომელ ბინაში იმალებოდა და ველოდებოდით საჭირო მომენტს. კითხვა დაისვა, რატომ არ დააკავეს მანამდე, ისიც იკითხეს ხუმრობით, ხომ არ იყო ეს შოუ შეგნებულად დამთხვეული 1-ლი ოქტომბრისთვის, რომ საჩუქარი მიგვეძღვნა ჩვენი ამომრჩევლებისთვის, ვინაიდან სიმბოლური იყო 1-ლი ოქტომბერი ჩვენი გამარჯვების დღე. თუმცა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ეს ნახევრად ხუმრობით. მეორე და მთავარი მინდა ვთქვა, ერთია, რა გაქვს სურვილი და მეორეა, როგორ ემთხვევა ოპერატიული მუშაობიდან და ტაქტიკიდან გამომდინარე. როდესაც გამოძიება მძიმე დანაშაულს იძიებს, შესაძლოა, ტაქტიკიდან გამომდინარე ისე გაანაწილოს და დაგეგმოს მთელი ოპერატიული მუშაობა, რომ უფრო მეტი ადამიანის, შესაძლო თანამზრახველების თანამონაწილეობა დააფიქსიროს და ამის სურვილი ჰქონდეს. როდესაც მივიდა იმ ზღვრამდე, რომ საჭირო იყო მისი ლოკალიზება და აყვანა, ეს მოხდა.
ერთ ვერსიას ვეტყოდი ჩვენს მოსახლეობას და მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, პირიქით ხომ არ არის შემთხვევით, რომ სააკაშვილმა ან ივარაუდა, ან მათაც გაიგეს ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცოდით და ვაპირებდით მის დაკავებას, ამიტომ გაავრცელა ის ვიდეო? ჩვენ უნდა ვისაუბროთ შედეგზე. მათი გეგმა იყო შემდეგი - სააკაშვილს ბრიყვულად ეგონა, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცოდით, არ გვჯეროდა მისი ჩამოსვლის თუ არ ვიცოდით მისი შემოპარვის შესახებ. ამ დროს ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, მისი ეს ვითომ შემოპარვის ოპერაცია.
იმდენად ბრიყვულად მოიქცა, შემდეგ აპირებდა, აქცია დააანონსეს, 3 ოქტომბერს, ანუ უკვე დღეს უნდა გამართულიყო აქცია თავისუფლების მოედანზე და საღამოს, კულმინაციის დროს, სააკაშვილი გამოჩნდებოდა როგორც მხსნელი და იქ მოხდებოდა შოკი და იქნებოდა უზარმაზარი ემოცია, რომ როგორ მოახერხა ამ დევნილმა კაცმა, მაშინ, როცა ჩვენ წესით ველოდებოდით თვითმფრინავით, ჩამოვიდა და საიდანღაც გაჩნდა. ეს ხომ არანორმალურმა, ავადმყოფმა კაცმა შეიძლება დაიჯეროს. ილუზიებით ვინც ცხოვრობს, მან შეიძლება დაიჯეროს. როგორ შეიძლება, ელემენტარული გათვლა არ გააკეთოს. მე მახსენდება ჩვენი დამფუძნებლის შეფასება „ნაცმოძრაობის“ ლიდერების შესახებ, ჩვენს შიგნით უთქვამს, იცნობდა რა მათ და მათ ხელწერას, ერთი ნაბიჯის იქით ვერ გეგმავენ და ვერ იხედებიანო. ეს არის, რაც მოხდა.
ძალიან მარტივად რაღაც დაგეგმეს, თითქოს რაღაც კულმინაციას, მღელვარებას გამოიწვევდნენ და საბოლოო ჯამში სააკაშვილმა პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა. ეს არის ძალიან მარტივად. რამდენიმე დღით ადრე ვთქვი, რომ სააკაშვილის დაკავებას სულ რაღაც 10 პოლიციელი შეძლებდა. ასეც მოხდა, სულ ორი მანქანით, ისე, რომ ვერავინ გაიგო, როგორ გადაადგილდებოდნენ ჩვენი გმირი პოლიციელები, ძალიან მაღალპროფესიონალურად შეასრულეს მისი აყვანის ღონისძიება და შეაბრძანეს ციხეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.