„„ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწია მძიმე მარცხთან შეგუება, რომელიც მიიღეს ამ არჩევნებში. გამოაცხადეს ე.წ. რეფერენდუმი და მიიღეს საკმაოდ მკაფიო პასუხი საზოგადოებისგან. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი „ნაციონალურ მოძრაობას“, ძალადობასა და სიცრუეზე აგებულ პოლიტიკურ ძალას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი მათ შორის ჩვენთვისაც იმისათვის, რომ შემდეგი 3 წლის განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისობრივი გაჯანსაღება. ამის უნიკალური შანსი გვაქვს ახლა. 3 წელი არ იქნება არჩევნები და ჩვენ თვისობრივად უნდა შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. ამ შესაძლებლობას „ქართული ოცნება“ აუცილებლად გამოიყენებს. იმ პირობებში, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ბელადი არის ციხეში და იქნება 6 წელი, ეს არის მისი განაჩენი, იმ პირობებში როდესაც მძიმე მარცხი განიცადა „ნაცმოძრაობამ“, მათ ბუნებრივია არავითარი შანსი არ აქვთ. სწორედ ამიტომ არის დღეს აბსოლუტურად მოშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ ამით ბოლომდე უნდა ვისარგებლოთ, ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ერთი მარტივი მიზეზის გამო. „ნაცმოძრაობის“ ყოფნა პოლიტიკურ სპექტრში არის მუდმივი პრობლემა ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენ ეს პრობლემა ქართულ დემოკრატიას უნდა მოვუხსნათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.