logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: სასტიკად ნაწამებ სულხანს სურათებს უღებდნენ და სააკაშვილთან მიჰქონდათ - ისეთ საკანში ამყოფებდნენ, მასთან მისულ მათიას იორშს გული წაუვიდა
- +

3 ოქტომბერი. 2021. 22:10

 

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა, „იმედის კვირაში“ მისი შვილის დაკავებისა და წამების ფაქტები გაიხსენა. მან მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ის სულხან მოლაშვილის დაპატიმრებისა და წამების საქმეში ფიგურირებდა.

 

„ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში შეყვანის კადრები ვნახე. ერთი მაგის სახეს შეხედეთ, როგორი გაღიმებული შევიდა ციხეში. მაგისთვის ვინმეს რომ ეთქვა, ციხეში რომ შეხვალ, როგორც სულხან მოლაშვილს ზურგზე სიგარეტის ნამწვავს მიგადებენ, როგორ ხასიათზე შევიდოდა? ეგ ღიმილით შევიდოდა ციხეში?“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

მისი თქმით, სულხან მოლაშვილი დაპატიმრებისას 120 კილოგრამს იწონიდა და ორ თვეში მისი წონა 70 კილოგრამამდე ჩამოვიდა.

 

„სასტიკად ნაწამებს სურათებს უღებდნენ და სააკაშვილთან მიჰქონდათ. მომდიოდა ეს ამბები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტებით სავსე პიროვნებაა და უხარია სხვისი ტანჯვა და წამება. მაგასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი, რომ იარაღი მქონოდა ხელში მაგრამ ვერ ვეღირსე მაგას.

 

როდესაც სულხანი დააკავეს, მეშვიდე საპყრობილეში გააქანეს ბნელ სარდაფში სადაც არც სინათლე იყო, არც სკამი, არც მაგიდა. ელენე თევდორაძე და მათიას იორში სანახავად რომ მივიდნენ, მათიას იორშს გული წაუვიდა და ძლივს გამოიყვანეს. ეს წამება არ იყო?

 

მიხეილ სააკაშვილის თამადობით, მასთან ძალიან ბევრ პიროვნებას აქვს დანაშაული ჩადენილი. იგივე გიგა ბოკერიას, თუნდაც პროკურორ გრიგალაშვილს, ექიმებს. როდესაც სულხან მოლაშვილს „C ჰეპატიტი“ დაუდგინეს 11 თვე არ უმკურნალეს. არ თქვაო ექიმს უთხრეს, ზევით ეწყინებათო. ეს უკვე დავალება იყო, რომ მისი მდგომარეობა დამძიმებულიყო. თავიდანვე რომ ემკურნალათ იქნებ ჩემი შვილი ცოცხალი ყოფილიყო. საფრანგეთში წავიდა სამკურნალოდ, მაგრამ ისეთი დაავადება ჰქონდა, რომ ვერაფრით ვერ მოარჩინეს,“- გაიხსენა თამაზ მოლაშვილმა.

 

სულხან მოლაშვილის მამა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და სხვებმაც უნდა იგრძნონ, რომ დანაშაული ჩაიდინეს.

 

„პედაგოგი ვარ და არცერთ შემთხვევაში არ მინდა ვინმე მოკლან ან ჩამოახრჩონ, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება, რომ სააკაშვილს და მის მსგავს ადამიანებს გნებავთ უგულავას, გნებავთ მერაბიშვილს გასუქებულები და გაბღენძილები რომ გამოვიდნენ ციხიდან, რაღაცნაირად შეუმცირონ საკვები, რომ რაღაცით მაინც იგრძნონ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ასეთ გაფუფუნებულ ვითარებაში რომ ამყოფებენ ციხეში, იმიტომაც ღიმილით შევიდა სააკაშვილი. ის რაც პირადად სააკაშვილის მეთაურობით ჩემმა ოჯახმა განიცადა, იმის ნახევრის ნახევარი მაინც რომ მიიღოს ,“- აღნიშნა მოლაშვილმა.

 

თამაზ მოლაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეში გიგა ბოკერიაც ფიგურირებს.

 

„აიღეთ თუნდაც ბოკერია, რამდენჯერ ამბობდა სულხანი ტელევიზიით, მედიაში, მას ადებდა ხელს. თუ სადმე ვინმემ გაიგონა ის, რომ გიგა ბოკერიას ეთქვას, რომ ეგ ტყუილია. როდესაც სულხანს ვკითხე, შვილო, რატომ არ იღებს ბოკერია ხმას მეთქი, მიპასუხა, მასთან პირისპირ რომ დამსვა ისეთ რაღაცეებს ვეტყვი, ენა ჩაუვარდება და სასტიკად გამტყუნდება ხალხის წინაშეო. როგორც გავიგე მას წინასწარ ჰქონდა სია შედგენილი, რომ მთავრობაში რომ მოვიდოდნენ ვინ უნდა დაეჭირათ. მაგისმა მოგვარემ სულხანის უთხრა, ეგ სია მაჩვენა და თქვენც ხართ იმ სიაში და აუცილებლად დაგაპატიმრებენო“, - გაიხსენა სულხან მოლაშვილის მამამ.

 

2016 წლია 29 ივნისს, 47 წლის ასაკში საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. მას ღვიძლის დაავადების გამო მკურნალობდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში.

 

2004 წლის აპრილში სულხან მოლაშვილი დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, ხოლო 2005 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

2004 წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner