„ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა არის, არა ამ არასერიოზული კაცის ციხეში ჯდომა, არამედ უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის განვითარება, სწრაფი აღდგენა და რა თქმა უნდა, პანდემიის დამარცხება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი მთავარი საზრუნავი იქნება ყველა იმ პროექტის და პროგრამის განხორციელება, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს იყო საუბარი.
„ჩემთვის ეს არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პირადად ჩემთვის, პრინციპული, ისე, როგორც მთელი გუნდისთვის, იმ ფაქტორების გამო, რაც მე ჩამოვთვალე, ლეგიტიმაციის საკითხი იყო და უამრავი სხვა. მათ შორის, ის ხედვა და გეგმები, რაც გავაცანი ჩვენს მოსახლეობას და მოგეხსენებათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად ვატარებდი აქტიურ კამპანიას და ვესაუბრებოდი მოსახლეობას მშვიდობის მნიშვნელობაზე, სტაბილურობაზე, ჩვენს მიღწევებზე, გაკეთებულ საქმეებზე და ჩვენს მომავალზე და მომავლის გეგმებზე.
მათ შორის, ახლა რაც მოხდა, ბოლო პერიოდში, იანვარი-თებერვალი იყო აბსოლუტურად დეპრესიული თვეები, ეკონომიკური ვარდნა გვქონდა გასულ წელს, ვაქცინები არ იყო, როდესაც მოვედი პრემიერ-მინისტრად, ლარი იყო სამნახევარზე და ამ ვითარებაში ჩვენ დავიწყეთ მართვა და სიტუაციის გამოსწორება. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, გაბედული ნაბიჯები, არ მოვერიდები ამის არ თქმას, ცხადყოფს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ.
ჩვენ გავხსენით თანმიმდევრულად და გონივრულად ეკონომიკაც, ბიზნესიც აგვყვა და შემთხვევითი არ არის, რომ 45%-იანი ზრდა, მერე 25%-იანი, 18-იანი, 9 და 10%-იანი, ჯამში 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, ვაქცინების შემოტანა მილიონობით და ლარის დასტაბილურება, ეს ყველაფერი არის 6 თვიანი მუშაობის შედეგი და არჩევნების 47%-ით მოგება. ეს არის ის კარგი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს შემდგომი 3 წლიანი განვითარება და სტაბილურობა. მთავარი, რაც მე მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი და მთავარი პასუხისმგებლობა იქნება შემდეგი, რომ ყველა ის სიტყვა, ყველა ის დანაპირები, ყველა ის პროგრამა, პროექტი, რაც ჩამოვთვალე ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ რომ დავდიოდით ჩვენს გუნდთან ერთად, მთავარი საზრუნავი იქნება ყველა ამ პროექტის, ამ პროგრამების განხორციელება, რაც შეიძლება სწრაფად.
ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა არის, არა ამ არასერიოზული კაცის ციხეში ჯდომა, არამედ უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის განვითარება, სწრაფი აღდგენა და რა თქმა უნდა, პანდემიის დამარცხება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.
მე უზომოდ მადლიერი ვარ ჩვენი მოსახლეობის, იმიტომ, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორად გადაწყვიტა, სწორად დაუსვა ბეჭედი რომ იტყვიან და გამოგვყვა, ნდობის მანდატი გაგვიმყარეს. მათ არჩევანი გააკეთეს სტაბილურ განვითარებაზე. მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, იქნება მშვიდობა, მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. იმედი მაქვს, რომ პოლარიზაციაც დაიკლებს, ეს არასერიოზული კაციც საიმედო ადგილას არის მოთავსებული, ასე რომ, მთელი ეს სიტუაცია გვაძლევს ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩემი მთავარი მოტივაცია და მიზანი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მეტი საქმე გავაკეთოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.