„უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა და ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უაღრესად პოზიტიური შეფასებები. ცალსახაა, რომ არჩევნები შედგა და იყო ეუთოს სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„ამას ადასტურებს ის წინასწარი დასკვნა, რომელიც დღეს დადო მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ, ეუთო/ოდირმა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სხვა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებმაც, მათ შორის ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამაც უაღრესად პოზიტიური შეფასებები მისცეს ჩვენს ადგილობრივ არჩევნებს და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებს აქვს ლეგიტიმაცია და საერთაშორისო მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.