„ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას, 47-პროცენტიანი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და ნდობა ჩვენი საზოგადოების მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები უნდა იყოს ფოკუსირებული ხალხის პრობლემებზე, რასაც ხელისუფლება სრულად იზიარებს.
„ოპოზიციის მხრიდან ვხედავდით აბსოლუტურად განსხვავებულ კამპანიას, იგივე ოპოზიციური მედიის წარმომადგენლების მხრიდან გვესმოდა „რა დროს წყლისა და გაზის პრობლემებია არის, ჩვენ გვაქვს რეფერენდუმი და დავასრულოთ ხელისუფლება“ - ეს იყო ძირითადი ფუნდამენტური პრობლემა ამ არჩევნების და ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეს ძალიან მკაფიოდ დაინახეს“, - განაცხადა ზალკალიანმა.