logo_geo
eng_logo
სასამართლო იმ პირის თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებას განიხილავს, ვის სახლშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა
- +

4 ოქტომბერი. 2021. 15:53

 

 

ვიდრე მიხეილ სააკაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება ელგუჯა ცომაია. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. 1-ელ ოქტომბერს, სამართალდამცველებმა სწორედ მის საცხოვრებელში დააკავეს ექსპრეზიდენტი.

 

პროკურატურა ცომაიას წინააღმდეგ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი - არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.

 

არ არის გამორიცხული, დღეს ცომაიას ბრალი დაუმძიმდეს. პროკურორის განცხადებით, აპირებენ, იმსჯელონ არა მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ მან დანაშაული დაფარა, არამედ იმაზეც, რომ ამ პირმა სააკაშვილს უკანონოდ საზღვრის კვეთაში შეუწყო ხელი.

 

დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ძებნილი პირის სახლში შეფარება დასჯადი არაა და სისხლის სამართალში მსგავსი მუხლი არ არსებობს. ადვოკატი ცომაიას პატრიოტ, პატიოსან ადამიანს უწოდებს, ამბობს, რომ მას არანაირი პოლიტიკური აფილაცია არ აქვს და არის პირი, რომელმაც დევნილი პირი შეიფარა.

 

ცომაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner