შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირი 1984 წელს დაბადებული შ.წ. და 1960 წელს დაბადებული ზ.წ. დააკავა.
სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით - დანაშაულის დაფარვისთვის მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით, 3441-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.