logo_geo
eng_logo
ზურაბ წერეთელი: ჩემი სურვილია, რომ ქართულ მიწაზე, კერძოდ, მცხეთაში, ქრისტეს 33-მეტრიანი ქანდაკება აღვმართო!
- +

27 ივლისი. 2016. 10:29


გამოჩენილი და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვარი ზურაბ წერეთელი, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ამერიკაში, კერძოდ, პუერტო-რიკოს ჩრდილოეთ სანაპიროზე, ამერიკის აღმომჩენი ქრისტეფორე კოლუმბის გრანდიოზული ქანდაკება აღმართა, ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ პროექტებზე გვესაუბრება, რომელთა განხორციელებასაც მშობლიურ საქართველოში აპირებს. ინტერვიუს ჩაწერის დროს ბატონი ზურაბ წერეთელი პარიზში იმყოფებოდა და მასთან დაკავშირებაში ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა და ჟენევის დიპლომატიური წრის წევრი, სახელოვანი მხატვრის ახლო მეგობარი, ბატონი ვოვა ზარიძე დაგვეხმარა.


- ბატონო ზურაბ, მოგვიყევით, როგორ გერგოთ პატივი, რომ ამერიკაში კოლუმბის გიგანტური ქანდაკება სწორედ თქვენ აღგემართათ?

 

- ამერიკაში გამართულ კონკურსზე წარვადგინე ჩემი კონცეფცია - „ევროპამ აღმოაჩინა ამერიკა". კონკურსში გავიმარჯვე და ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკებები დავდგი ესპანეთში, კერძოდ, სევილიაში და პუერტო-რიკოში. სევილიაში აღმართული კოლუმბის ქანდაკება 45-მეტრიანია და „ახალი ადამიანის დაბადება" ჰქვია, ხოლო პუერტო-რიკოში დადგმული კოლუმბის ქანდაკება, რომელსაც „ახალი მიწის აღმოჩენა" ეწოდება, სიმაღლით 126 მეტრს აღწევს. რამდენიმე თვის სამუშაო მაქვს დარჩენილი და ძეგლის ოფიციალურ გახსნას მომავალი წლის 22 იანვარს ვგეგმავ.


- 126-მეტრიანი ქანდაკების შესაქმნელად, ალბათ, ტიტანური შრომა გასწიეთ.

 

- დიახ, ინჟინრული თვალსაზრისით, ეს გახლავთ ურთულესი კონსტრუქცია. ამერიკაში გამართულ კონკურსზე ჩემს მიერ გაგზავნილი ნახაზები რომ განიხილეს, გაოცდნენ, რადგან ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. არავითარი კრიტიკა არ ყოფილა, ჩემი პროექტი ერთხმად მოიწონეს.


- თქვენს გარდა კიდევ რომელი გამოჩენილი მოქანდაკეები მონაწილეობდნენ კოლუმბის ძეგლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში?

 

- სიმართლე გითხრათ, არ დავინტერესებულვარ, ვინ იყვნენ ჩემი კონკურენტები. ნახაზები გავაგზავნე და ვფიქრობდი, თუ გავიმარჯვე - ძალიან კარგი, თუ არა და, არც ამით დაშავდება რამე-მეთქი. საერთოდ, ასეთი ხასიათი მაქვს.


ვფიქრობ, არამარტო ჩემთვის, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვისაც სასიხარულო და საამაყოა, რომ ქართველმა კაცმა მოვიფიქრე კონცეფცია - „ევროპამ აღმოაჩინა ამერიკა" - და ამერიკის მიწაზე კოლუმბის გრანდიოზული ქანდაკება დავდგი!


- ხომ არ აპირებთ, რაიმე მასშტაბური პროექტი საქართველოშიც განახორციელოთ და სამშობლოში ახალი ქანდაკებები დადგათ?

 

- მოსკოვში, ჩემს სახელოსნოში ვაკეთებ წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის 10-მეტრიან ქანდაკებას, რომლის დადგმაც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მსურს!


იმასაც გაგიმხელთ, რომ ვაზის ჯვრის ქანდაკების წინ ჩვენი პატრიარქის - უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქანდაკების დადგმა მაქვს ჩაფიქრებული!


დიახ, პატრიარქის ქანდაკება დიდი ხანია, ჩამოსხმული მაქვს და ვფიქრობ, დროა, დაიდგას.


- როგორც ვიცი, იესო ქრისტეს ქანდაკებაზეც მუშაობთ. სად აპირებთ მის დადგმას?

 

- დიახ, ქრისტეს ქანდაკებაზე მუშაობას ცოტა ხანში დავასრულებ. მისი სიმაღლე, მაცხოვრის ასაკის შესაბამისად, 33 მეტრი იქნება.


რამდენიმე ქვეყნიდან მაქვს შემოთავაზება, რომ მაცხოვრის ქანდაკება მათთან დავდგა, მაგრამ ჩემი სურვილია, ქრისტეს 33-მეტრიანი მონუმენტი ქართულ მიწაზე, კერძოდ, მცხეთაში, აღვმართო, თუმცა, საქართველოდან ჯერჯერობით არავის გამოუჩენია ამის ინტერესი!


- საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზეთ ქრისტეს ქანდაკების საქართველოში აღმართვა?

 

- არა, ხელისუფლებასთან ამის შესახებ საუბარი არ მქონია, თუმცა, მათთვის, ალბათ, ცნობილი იქნება, რომ ქრისტეს ქანდაკება თითქმის მზად მაქვს. თბილისში რომ ჩამოვალ, ვაპირებ, ამ საკითხზე ოფიციალურ პირებს დაველაპარაკო.


რუსებს უნდათ, რომ ქრისტეს ქანდაკება სოჭში, მთაზე დავდგა, თუმცა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი!


ისე, სოჭში, „იმერეტინსკაია დოლინაზე", არგონავტების ქანდაკების აღმართვას ვაპირებ. 23-მეტრიანი მონუმენტი, რომელზე მუშაობაც თითქმის 20 წლის წინათ დავიწყე და ახლახან დავამთავრე.


- ბატონო ზურაბ, თქვენს ნამუშევრებს, უამრავ დამფასებელთან ერთად, კრიტიკოსებიც არ აკლია. მათ შორის, თქვენს მიერ შექმნილ და თბილისში, „თავისუფლების მოედანზე" აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკებასაც აკრიტიკებენ, თითქოს იგი არაკანონიკურია და კაცი, რომელიც გველეშაპს გმირავს, წმინდა გიორგის არ ჰგავს. რა პასუხს გასცემდით კრიტიკოსებს?

 

- რაც მე გამოვაქანდაკე და თბილისში დავდგი, ეს არის სუფთა ქართული წმინდა გიორგი, რომელიც ქართულ ხატწერაში მე-7 საუკუნიდან გვხვდება.


არ მესმის, რას აკრიტიკებენ? ხელოვნება უნდა ესმოდეთ და თავიანთი შურიანობით თაობები არ უნდა გააფუჭონ.


საქართველოში არის ხალხი, რომელიც წმინდა გიორგის ძეგლის კი არა, საერთოდ, რელიგიის წინააღმდეგია.


- დაბოლოს, მოსკოვში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველ ხელოვანს, ალბათ, გული გტკივათ იმის გამო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა. როგორ ფიქრობთ, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია?

 

- პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, თუმცა, მჯერა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული არასახარბიელო ურთიერთობა დროებითია და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება!


საერთოდ, საქართველოს ისტორიული გამოცდილება და ქართველი ერის ხასიათი ისეთია, რომ ყველასთან ახლოს უნდა ვიყოთ და ვიმეგობროთ!

 

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner