საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და NATO-ს საზღვაო შენაერთის ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.
სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "სოხუმი" და NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები: ESPS RAYO (ესპანეთი), ROS LT LUPU DINESCU (რუმინეთი), BGS SHKVAL (ბულგარეთი), TCG EDINCIK (თურქეთი) და ITS VIAREGGIO (იტალია). სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს და NATO-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას.
NATO-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს NATO-ს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.