logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ყველა მოქალაქე იგრძნობს ამ ოთხ წელიწადში გაწეული შრომის შედეგს
- +

27 ივლისი. 2016. 10:38


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ" ხალხს მისცა თავისუფლება, ახლა  საჭიროაა ქვეყნის სწრაფი განვითარება, რათა სამშობლო გაძლიერდეს და ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა.


გიორგი კვირიკაშვილის ინტერნეტიზაციის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.


„ჩვენ ვიწყებთ მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას. მართალია, გურულებმა ისედაც კარგად იცით, რა ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ინტერნეტი რომ შემოვა ყველა ოჯახში, კიდევ უკეთ გეცოდინებათ მსოფლიოს ამბები. ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა, დიდი ხელშეწყობაა ჩვენი ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ, მეგობრებო, რომ თანდათან ყველა მოქალაქე იგრძნობს ამ ოთხ წელიწადში გაწეული შრომის შედეგს. ჩვენს მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტები კარგი ნიადაგია უკეთესი მომავლისთვის. ყველამ კარგად იცით და გახსოვთ, რა მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ჩაის წარმოებას არა მარტო გურიის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას და ეს ტრადიცია აღდგეს გურიაში. მინდა გითხრათ, რომ არსებობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - ,,ქართული ჩაი", რისთვის სახელმწიფოს თანხა უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ პროგრამით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი მეწარმეები. რა თქმა უნდა, მეჩაიეობის აღორძინებას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაფერისი შემოსავალი ყველ თქვენგანის ოჯახში", - განაცხადა  კვირიკაშვილმა.


კვირიკაშვილის თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად კომპანია ,,წყალი მარგებელი" აშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია.


„ნაბეღლავის" და „ბახმაროს" გარდა, საწარმოში სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელიც ჩამოისხმება. ქარხანა ჩამოასხამს ასევე ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომლებიც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ. ცხადია, ქარხნის ამუშავებას მოჰყვება ხალხის დასაქმება და მეტი შემოსავალი. გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის, - ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე  მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და დავტვირთოთ ისინი. ეს ხალხისთვის კიდევ ერთი დამატებითი შემოსავლის წყაროა", - განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა.

 

„შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, გურიის განვითარებისთვის რომ შეეწყო ხელი. ეს დარბაზი ბატონმა ბიძინამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა და პირველ რგიში ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისთვის. ასეთი მასშტაბური ობიექტის არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს, ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს. „ქართულმა ოცნებამ" ხალხს მისცა თავისუფლება. ახლა ჩვენ გვჭირდება ქვეყნის სწრაფი განვითარება, გვჭირდება, რათა ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს და ყოველი თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner