თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ალტერნატივის სახით კი, ის სასამართლოს გირაოს შესთავაზებდა. ადვოკატმა გიორგი გოგინავამ განაცხადა, რომ დაკავებულმა პირებმა უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება, თუმცა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.
საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით შ.წ.-სა და ზ.წ.-ს ბრალდება გუშინ წარუდგინა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.