მუსიკოსი მანანა მენაბდე ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს მისი კომპოზიციის უკანონოდ გამოყენებაში ბრალს სდებს. როგორც თავად მენაბდე აცხადებს, „გირჩის“ წინასაარჩევნო კლიპში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მისი სიმღერა დაუკითხავად გამოიყენეს.
„მათთვის კომპოზიციის გამოყენების უფლება არ მიმიცია. ეს თავხედობაა. მე გერმანიის მოქალაქე ვარ და საერთოდ არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში. თუნდაც ვიყო საქართველოს მოქალაქე, არავის აქვს უფლება გამოიყენოს ჩემი ნაშრომი ჩემთან შეთანხმების გარეშე. აუცილებლად უნდა აგონ პასუხი ასეთი ქმედებისთვის“, – აცხადებს მუსიკოსი.
საავტორო უფლებების გამო დავაში „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ GERA ჩაერთო და მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა:
„საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ ვეხმიანებით ჩვენი წევრის, მანანა მენაბდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე და სრულ თანადგომას ვუცხადებთ. გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის მიერ ავტორთან შეუთანხმებლად მუსიკალური კომპოზიციის სარეკლამო კამპანიაში გამოყენების თაობაზე. ჩვენ, როგორც საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია ვგმობთ მომხდარს და მოვუწოდებთ ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს სახალხოდ მოიხადოს ბოდიში, ასევე აანაზღაუროს ზარალი გადახდილი ჯარიმის სახით. ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს ეძლევა 24 საათი ბოდიშის მოსახდელად და ჯარიმის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ასოციაცია დაიწყებს სამართლებრივ დავას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“, – წერია ასოციაციის განცხადებაში.
GERA-ს იურისტის, ლადო რაფავას განცხადებით, მომხდარი ფაქტი განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რადგან კანონის უხეში დარღვევა საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრის მხრიდან მოხდა.
„დაფიქსირდა ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის მიერ ჩვენი წევრის, მანანა მენაბდის ინტელექტუალური საკუთრების მითვისება, რაზეც ჩვენ უკვე მივმართეთ პოლიტიკურ პარტიას წერილობით, მათ მიეცათ გონივრული ვადა ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იძულებულები გავხდებით მივმართოთ სასამართლოს“, – განმარტავს რაფავა.