დღეს, 5 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ვადებსა და პირობებზე სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
ამავე ბრიფინგზე მინისტრმა ქართველი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, წელს პირველად, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის. რეზიდენციაში მონაწილეობას მიიღებენ 30 წლამდე ხელოვანები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოდან. რეზიდენციის ხანგრძლივობა იქნება ერთი თვე და მისი მონაწილეები შეირჩევიან კონკურის გზით, რომელიც გამოცხადდება 2022 წლის იანვარში.
თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ვენეციაში საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით მოლაპარაკება მიმდინარეობდა ორ სივრცესთან დაკავშირებით. საბოლოოდ, არჩევანი ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე არსებულ საგამოფენო სივრცეზე შეჩერდა, რადგან მისი ქირაობით მიღებული ეკონომია სამინისტროს აძლევს საშუალებას, ვენეციის ბიენალეს ფარგლებში ახალგაზრდებისათვის სახელოვნებო რეზიდენციის პროექტის განხორციელების ტრადიციას ჩაუყაროს საფუძველი.