„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. ეს სამართლებრივი მექანიზმი ჩაიკეტა - არ არსებობს გზა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის ნიკა მელიასთან შედარება არ გამოვა ძალიან ბევრი ასპექტის გამო, თუნდაც სამართლებრივი ასპექტის გამო. მელია იყო ბრალდებული და მისი გათავისუფლების სამართლებრივი ბერკეტი იყო მარტივი. ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი, რაც შეიძლება სააკაშვილის გათავისუფლებისთვის არსებობდეს, ეს არის შეწყალება. ამაზე პრეზიდენტმა ცალსახა, ხისტი განცხადება გააკეთა და არ დატოვა სივრცე რაიმე სპეკულაციისთვის. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ადამიანს არასდროს შეიწყალებს. ეს სამართლებრივი მექანიზმი ჩაიკეტა - არ არსებობს გზა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.