„ეს არის სამართლიანობის აღდგენის, დიდი ზეიმის დასაწყისი, რაც შვებას მისცემს საქართველოს მცხოვრებლების უდიდეს ნაწილს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ მანიაკი სააკაშვილის ხელი და რეჟიმი“, - ამის შესახებ `ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოვან სტრუქტურებს, ჩვენს პრემიერს, მათ შესანიშნავად ჩაატარეს სააკაშვილის აყვანის ოპერაცია. ნამდვილად, სახელმწიფო დგას თავის ადგილას, რაც ძალიან გვიხარია და გვაძლიერებს თითოეულ მოქალაქეს. უმტკივნეულოდ, მაღალკვალიფიციურად შეასრულეს სააკაშვილის აყვანა, ყოველგვარი არეულობის გარეშე. მადლობა მათ ამისთვის! იმედს ვიტოვებ, რომ სამართლის აღდგენა დაიწყო და გაგრძელდება, სააკაშვილს მიჰყვებიან დანარჩენი დამნაშავეები, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყვნენ დაპატიმრებულნი! სამართალი ურმით მოდისო, მაგრამ მაინც მოვიდა და მაინც მოვა. რაც დათესეს, იმას მოიმკიან და პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულებზე. ეს ყველაფერი კი დაიწყო გუშინ, სააკაშვილის დაკავებით. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დამარცხდება. ეს არის სამართლიანობის აღდგენის, დიდი ზეიმის დასაწყისი, რაც შვებას მისცემს საქართველოს მცხოვრებლების უდიდეს ნაწილს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ მანიაკი სააკაშვილის ხელი და რეჟიმი“, - განაცხადა ია მეტრეველმა.