„ირაკლი ღარიბაშვილთან სააკაშვილის შედარება არის ამორალური და ამ ქვეყნის ყველა პატრიოტისთვის თანაბრად მიუღებელი“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას „რუსთავი 2-თან“ გაკეთებულ კომენტარში.
მისივე თქმით, ამ ორ ძალას შორის, ერთ მხარეს არის ქვეყნის მტრობა, სიძულვილი და ავანტიურა, მეორე მხარეს კი, საკუთარ მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე ზრუნვა.
„ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა საკითხი, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარი და უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილის პირადი ინტერესები არ დაეყენებინა.
ერთ მხარეს არის ქვეყნის მტრობა, სიძულვილი და ავანტიურა, მეორე მხარეს კი, საკუთარ მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე ზრუნვა. თუნდაც ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ყველა პოსტ-საარჩევნო შეფასებაში პოზიტიურად არის მოხსენებული, შეგახსენებთ, რომ უზრუნველყო „ქართულმა ოცნებამ“ და მის მხარდაჭერაზე კი უარი თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილთან სააკაშვილის შედარება არის ამორალური და ამ ქვეყნის ყველა პატრიოტისთვის თანაბრად მიუღებელი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას.
იან კელი წერს, რომ ორივე საწამლავია პოლიტიკურ სხეულში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის მის ქვეყანაში, ვინც კონფლიქტს და პირად ძალაუფლებას ამჯობინებს ეროვნულ ინტერესებს.