საქართველოს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია.
NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
დაგეგმილია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.